აჭარის პლაჟებთან ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი ბანაობისთვის დასაშვებ ნორმაშია

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ ზღვის წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მონიტორინგის პროგრამის განხორციელება მიმდინარე წლის აპრილის თვიდან დაიწყო. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, აჭარის პლაჟებთან ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი ბანაობისთვის დასაშვებ ნორმაშია. ყველაზე სუფთა წყალი, ტრადიციულად, სარფის სანაპირო ზოლშია, შემდეგ კვარიათსა და გონიოში, შემდეგ კი, ქობულეთში.

ხარისხის დასადგენად ზღვის წყალში ამოწმებენ შემდეგ მაჩვენებლებს:
• ლაქტოზა დადებითი ნაწლავის ჩხირები
• ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები [საერთო კოლიფორმული ბაქტერიები]
• კოლიფაგი
• ფეკალური სტრეპტოკოკები [Streptococcus faecaliss]
• ოქროსფერი სტაფილოკოკები [Staphylococcus aureus]
• პათოგენები საერთო [მათ შორის, სალმონელა]
აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსის, ნუგზარ პაპუნიძის თქმით, 1 ლიტრ ზღვის წყალში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების მაქსიმალური დასაშვები ნორმა არის 10 000, ხოლო ლაქტოზა დადებითი ნაწლავის ჩხირების დასაშვები ნორმა – 5 000.
აჭარის სანაპიროს გასწვრივ ივლისის თვის ბოლოს აღებული ზღვის წყლის სინჯების ლაბორატორიული კვლევის შედეგები კი ასეთია:
• ბათუმის ცენტრალურ პლაჟთან – 2 400 [ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები] და 620 [ლაქტოზა დადებითი ნაწლავის ჩხირები]
შესაბამისად, სხვადასხვა ადგილებში, დაფიქსირდა შემდეგი მაჩვენებლები:
• სარფის პლაჟთან – 500 და 230
• კვარიათის პლაჟთან – 620 და 230
• აკვაპარკის მიმდებარედ [ბათუმი] – 2 400 და 500
• ბარცხანის პლაჟთან [ბათუმი] – 2 400 და 620 ლაქტოზა
• მწვანე კონცხთან [ბათუმი] – 7 000 და 2 400
• ბობოყვათი [ქობულეთი] – 7 000 და 1 300
• ქობულეთის ცენტრალურ პლაჟთან – 2 100 და 620
ნუგზარ პაპუნიძის თქმით, სხვა დანარჩენი მაჩვენებლებიც ყველგან არის ნორმის ფარგლებში. რაც შეეხება საერთო პათოგენებს [მათ შორის სალმონელას]: „ეს ვირუსების გამომწვევი ბაქტერიებია და საერთოდ არ უნდა აღმოჩნდეს წყალში. ლაბორატორიული კვლევებით, არც აღმოჩენილა“.

„როცა აგვისტოში შედარებით თბება წყალი, მაჩვენებლები იცვლება – ბაქტერიების ცხოველმყოფელობა აქტიურდება და წყალიც შედარებით მღვრიე შეფერილობას იღებს. ვფიქრობთ, რომ უკვე პიკს აღწევს ზღვის წყლის ტემპერატურა, ოდნავ შეიძლება მოიმატოს მაჩვენებლებმა, თუმცა, ამ მონაცემებით, რაც ახლა გვაქვს, ალბათ არც მივუახლოვდებით მაქსიმალურად დასაშვებ ნორმასაც კი. ბაქტერიების რაოდენობა წყალში განსაკუთრებით დღის 12 საათიდან იზრდება, საღამოს, როცა ტემპერატურა იკლებს ზღვის ხარისხი უტოლდება იმ მდგომარეობას, რაც დილითაა“, – ამბობს ნუგზარ პაპუნიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები