სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის კურსდამთავრებულთათვის სერტიფიკატების გადაცემა

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის კიდევ 15 კურსდამთავრებულს გადაეცა პროგრამის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

აღნიშნულ პროგრამას სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა თბილისში ახორციელებს თბილისის საკრებულოს ხელშეწყობით და „მეგობრობის სახლთან“ მჭიდრო თანამშრომლობით 2019 წელს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე.

თბილისის საკრებულოში 23 ივნისს, 11:00 საათზე გაიმართა სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მიერ განხორციელებული სახელმწიფო ენისა და ინტეგრაციის პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულთათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია. კურსდამთავრებულებს მიესალმნენ და სერტიფიკატები გადასცეს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა, საკრებულოს წევრმა ნინო რუხაძემ, ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს თავმჯდომარემ რიტა ხიდირბეგიშვილმა და მეგობრობის სახლის დირექტორმა ნანა ნიკოლაძემ. შეხვედრაზე მონაწილეებმა ისაუბრეს სახელმწიფო ენის სწავლების მნიშვნელობაზე საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისთვის და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის სტრატეგიასა და მიდგომებზე.

ჟვანიას სკოლა მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმატებით ახორციელებს სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამას, მუდმივად მუშაობს პროგრამების განვითარებაზე და არის ინოვატორი სახელმწიფო ენის სწავლების მიმართულებით. ჟვანიას სკოლის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა. სკოლა 2019 წლიდან მუშაობს ინტეგრაციის კომპონენტის გაძლიერებასა და შესაბამისი რესურსის განვითარებაზე. დღეისათვის მხოლოდ თბილისში დარეგისტრირებულია ქართული ენის შესწავლის 96 მსურველი.

სახელმწიფო ენისა და ინტეგრაციის პროგრამა ეროვნული უმცირესობებისთვის სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ხორციელდება საქართველოს 12 რეგიონში. 2014 წლიდან დღემდე აღნიშნული პროგრამით ისარგებლა საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობის 23 000-ზე მეტმა წარმომადგენელმა, მათ შორის 6857-მა პედაგოგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები