გაერო: ამ წყეულ ომს თუ არ დავასრულებთ, დედამიწაზე ჯოჯოხეთი გვემუქრება
უკრაინაში მიმდინარე ომისა და მარცვლეულის ექსპორტის ბლოკადის გამო, მსოფლიოს დედამიწაზე ჯოჯოხეთი ემუქრება. ამის შესახებ გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორმა, დევიდ ბისლიმ განაცხადა, წერს The Guardian.
”უკრაინის კრიზისამდეც კი, ჩვენ უპრეცედენტო გლობალურ სასურსათო კრიზისს შევხვდით COVID-19-ის და საწვავის ფასების ზრდის გამო. მაშინ გვეგონა, რომ უარესი ვერაფერი იქნებოდა, მაგრამ ეს ომი დამღუპველია. ეს არის ძალიან, ძალიან საშინელი დრო. … ჩვენ ჯოჯოხეთის წინაშე ვდგავართ, თუ დაუყოვნებლივ არ ვუპასუხებთ. საუკეთესო, რაც ახლა შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ამ დაწყევლილი ომის დასრულება რუსეთსა და უკრაინას შორის და პორტების გახსნა”, – განაცხადა ბისლიმ.
მისი თქმით, თუ კრიზისი არ მოგვარდება, ეს გამოიწვევს შიმშილობას, დესტაბილიზაციას და მასობრივ მიგრაციას.
ბიზლიმ გაიხსენა, რომ 2007-2009 წლების ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, აჯანყებამ იფეთქა მსოფლიოს 48 ქვეყანაში, საქონლის ფასებისა და ინფლაციის ზრდის გამო. ამავდროულად, გაეროს წარმომადგენლის თქმით: „დღევანდელი ეკონომიკური ფაქტორები ბევრად უარესია, ვიდრე ის, რასაც ჩვენ 15 წლის წინ ვაკვირდებოდით”.
„ჩვენ უკვე ვხედავთ არეულობებს შრი-ლანკაში და საპროტესტო აქციებს ტუნისში, პაკისტანსა და პერუში და გვქონდა დესტაბილიზაცია ისეთ ადგილებში, როგორიცაა ბურკინა-ფასო, მალი, ჩადი… ეს მხოლოდ სამომავლო ქმედებების ნიშანია“, – თქვა ბისლიმ.