თსუ-ს კანცლერი: უნივერსიტეტის ბიუჯეტი არის საჯარო და გამჭვირვალე

ფინანსური გამჭვირვალობის  საკითხი იყო კიდევ ერთი თემა, რომელზეც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გია შარვაშიძის, ადმინისტრაციის, პროფესურისა და პროტესტის მონაწილე სტუდენტებთან შეხვედრისას იმსჯელეს.

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, უნივერსიტეტის ბიუჯეტის ამსახველი ინფორმაცია ეტაპობრივად ქვეყნდება უმაღლესი სასწავლებლის ვებგვერდზე და საჯარო/ხელმისაწვდომია საიტის ნებისმიერი მომხმარებლისთვის. ასევე, დაინტერესებულ სტუდენტს შეუძლია, ელექტრონული ფორმით მოითხოვოს მისთვის საინტერესო ფინანსური ინფორმაცია და კანონით დადგენილ ვადებში მიიღოს ეს ინფორმაცია უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურისგან“, –  განუმარტა უნივერსიტეტის ბიუჯეტით დაინტერესებულ სტუდენტებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ლაშა საღინაძემ.

როგორც მან აღნიშნა, უნივერსიტეტი ყოველწლიურად გადის ფინანსების აუდიტორულ შემოწმებას.

„უნივერსიტეტის ბიუჯეტი არის ყველაზე გამჭვირვალე საქართველოში მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებს შორის. ადმინისტრაციის ინიციატივით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისა და სენატის წევრებისგან დაკომპლექტდება და ჯგუფის ფარგლებში სამუშაო რეჟიმში განიხილება ის პრობლემები, კითხვები თუ რეკომენდაციები, რომელიც უნივერსიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვისა თუ ხარჯვით ნაწილთან იქნება დაკავშირებული“, – აღნიშნა ლაშა საღინაძემ.

სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 23 ივნისს, 19:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები