„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ჰააგის კონვენციის ფარგლებში საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის პოპულარიზაციისა და ეროვნულ დონეზე არსებული ადვოკატირების შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, თბილისში, ცნობიერების ამაღლების სამოქალაქო კამპანია ჩაატარეს.
„ახალგაზრდა ადვოკატების” ინფორმაციით, ორგანიზაციის აღმასრულებელმა გუნდმა, საქართველოს და სხვა ქვეყნის მოქალაქეებს სპეციალური საინფორმაციო ცნობარი გადასცეს, სადაც დეტალურად იქნა აღწერილი კონვენციის მიზნები და ამოცანები, ამასთან კონვენციის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე სასამართლო დავების წარმოების შემთხვევაში, უფასო იურიდიული მომსახურების პირობები, საკონტაქტო ინფორმაცია და პროექტის მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაცია.
“ორგანიზაციამ ცნობარი ქართულ და ინგლისურ ენაზე მოამზადა და გამოსცა, სამოქალაქო კამპანიის ფარგლებშიც, ძირითადად, სამიზნე ჯგუფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, ვინაიდან „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის ფარგლებში, საქართველოს სასამართლოში, ძირითადად მათ შორის მიმდინარეობს დავა ბავშვის ჩვეული საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით. ორგანიზაციის წევრებმა 700-ზე მეტ მოქალაქეს გადასცეს საინფორმაციო ცნობარი.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელი გუნდის წევრები მოქალაქეებს განუმარტავდნენ, თუ რა ინფორმაციის მატარებელი იყო საინფორმაციო ბუკლეტი და რა პროექტის ფარგლებში მიმდინარეობდა საინფორმაციო კამპანია. მოქალაქეები ყურადღებით და ინტერესით ეცნობოდნენ მიღებულ ინფორმაციას.
როგორც ცნობილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საგრანტო პროგრამის („საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება, ინოვაციური სერვისების დანერგვა, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობა და დანაშაულის ეფექტიანი პრევენცია“) ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში წარდგენილი პროექტის: „ბავშვთა უფლებების დაცვა საქართველოში ჰააგის კონვენციის მიხედვით“ გამარჯვებულად გამოცხადდა. პროექტი 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის ივნისის ბოლომდე მიმდინარეობს, რომლის შემადგენელი ნაწილიც საინფორმაციო კამპანიის მომზადება გახლდათ. დაგეგმილია იურიდიული პროფესიის წარმომადგენლების – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრების მიმართ 1-დღიანი ტრენინგი, კლიპის პრეზენტაცია და შემაჯემებელი ანგარიშის მომზადება. ამასთან, ორგანიზაცია, პროექტის ფარგლებში, ახორციელებს ბენეფიციართა წარმომადგენლობით უფლებამოსილებას საქართველოს სასამართლოში.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველო წარმოადგენს „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად კი, სრულად განისაზღვრა ის საკანონმდებლო საფუძვლები და ინსტრუმენტები, რომლითაც არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ქართულ სასამართლოში წარდგენილი სარჩელის განხილვა უკავშირდება.
ქართულ სასამართლოში, ჰააგის კონვენციის ფარგლებში სარჩელების განხილვის დროს, მხარეები, უმეტესს შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, თუმცა ბოლო წლების სასამართლო დავების ტენდენციაც აჩვენებს, რომ დავის მონაწილე ერთ-ერთი მხარე საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებიც ცხოვრობდნენ საზღვარგარეთ და თანაცხოვრების მანძილზე ოჯახური უთანხმოებების გამო, განსაკუთრებით COVID19-ის პირობებში, დატოვეს ჩვეული საცხოვრებელი ადგილი, არასრულწლოვნებთან ერთად მოახდინეს საქართველოში გადმოსვლა ან დაბრუნება, ბავშვის მეორე კანონიერმა წარმომადგენელმა – მშობელმა კი სარჩელით მომართა საქართველოს და მოითხოვა შვილის/შვილების ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნება.
ასეთ დროს, მხარეები არაერთ პრაქტიკულ და არსებით პრობლემას აწყდებიან – არაკვალიფიციურ იურიდიულ მომსახურებას, ვინაიდან ქართველი ადვოკატები არ ფლობენ ინფორმაციას ჰააგის კონვენციის მიზნებსა და ამოცანებზე, კონვენციის ფარგლებში წარმოებული დავების დასაბუთება გააზრებულია მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით საოჯახო დავების გადაწყვეტისთვის დადგენილი წესებით, არ არის ცნობილი ეროვნულ და საზღვარგარეთის ქვეყნის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზი, საერთო სასამართლოებში საქმის წარმართვის, მტკიცებულებების შეგროვებისა და დაცვის სტრატეგიის სათანადოობა, არსებობს იურიდიული მომსახურების არაგონივრული ხარჯი, საქმის მასალების ქართულ ენაზე შედგენისა და ნოტარიული წესით დამოწმების ხარჯი, სასამართლოსთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან სახელმწიფო ენაზე კომუნიკაციის პრობლემა. ამასთან, პრობლემა მოდავე მხარეებსა და წარმომადგენელს შორის ენობრივი ბარიერის თაობაზე და სხვა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ პროექტის მიზანია, მოახდინოს „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის პოპულარიზაცია, რაც გამოიხატება სამი კომპონენტის ერთობლიობით: ა) პროფესიული ტრენინგის მომზადება და ჩატარება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატებისთვის, ბ) ეროვნულ დონეზე სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება კონვენციით მოცული უფლებების შესახებ და გ) უფასო ადვოკატირება კონვენციის ფარგლებში ქართულ სასამართლოებში წარმოებულ დავებზე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.