თორნიკე შარაშენიძე: პუტინმა შეცდომა დაუშვა, არ ელოდა, რა მოჰყვებოდა უკრაინაში ომს

“პუტინმა შეცდომა დაუშვა, არ ელოდა, რა მოჰყვებოდა უკრაინაში ომს, თუნდაც, მხოლოდ ფინეთისა და შვედეთის ნატოში შესვლა რომ გაეთვალა, არ წამოიწყებდა. თავი რომ დავანებოთ უზარმაზარ ზარალს, რასაც განიცდის”, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორმა, თორნიკე შარაშენიძემ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომმა ცხადყო, რომ რუსეთი აღარ ჩანს ისეთი ძლიერი, უკვე მისი განცხადებების ნაკლებად ეშინიათ.

“ვფიქრობ, თურქეთს სურს, “გამოივაჭროს” რაღაც, რადგან მას აქვს კითხვები შვედეთსა და ფინეთთან, სხვა საკითხია რამდენად ლეგიტიმური, მაგრამ ფაქტია, აქვს და ეს ეხება ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრებს, ანუ ქურთებს, რომლებიც ებრძვიან თურქეთის ხელისუფლებას. თუ საქმე უფრო რთულადაა და ელემენტარულად ბლოკავს მათ გაწევრებას რუსეთის ხათრით, ეს გამოჩნდება. ჯერ ამის ნიშნებს ვერ ვხედავ, კი, პრაგმატულად იქცევა და უარს არ ამბობს რუს ტურისტებზე, მაგრამ საბოლოოდ მაინც უკრაინას ეხმარება. თუ თურქეთი მიაღწევს, რომ ფინეთი და შვედეთი აღარ დაეხმარებიან ქურთისტანის მუშათა პარტიას, ალბათ, ეს შეღავათი იქნება მისთვის. თუმცა თურქეთს კითხვები აქვს ევროკავშირის არაერთ სახელმწიფოსთანაც, ამერიკასთანაც, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თურქეთში სახელმწიფო გადატრიალება ჩავარდა. ოფიციალური ანკარა ეჭვობს, რომ ზოგიერთი მისი პარტნიორი დასავლეთში გადატრიალებას ხელს უწყობდა და ეს დღემდე პრობლემად მიჰყვება თურქეთის ურთიერთობას ნატოს წევრ ქვეყნებთან.

ამ ორი ძლიერი ქვეყნის გაწევრება გაცილებით მნიშვნელოვანია ნატოსთვის, ვიდრე, მაგალითად, მონტენეგროს მიღება იყო. ეს ნატოს გაძლიერებას ნიშნავს. ორივე ძლიერი სახელმწიფოა, განვითარებული, მდიდარი, ძლიერი შეიარაღებული ძალებით. ძალიან მნიშვნელოვანია მათი ტექნოლოგიური განვითარებაც. ფინეთი ერთ-ერთი სახელმწიფოა, რომელიც უშვებს სამხედრო ავიაციას. მსოფლიოში ამით ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის. შესაბამისად, ეს ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ნატოს წევრობა, სხვა თუ არაფერი, უკვე ნიშნავს ამერიკის სამხედრო გავლენის ზრდას. ეს კი არაფრით არ შედის რუსეთის ინტერესებში. პუტინმა შეცდომა დაუშვა, არ ელოდა, რა მოჰყვებოდა უკრაინაში ომს, თუნდაც მხოლოდ ფინეთისა და შვედეთის ნატოში შესვლა რომ გაეთვალა, არ წამოიწყებდა. თავი რომ დავანებოთ უზარმაზარ ზარალს, რასაც განიცდის.

რუსეთის არგუმენტი, რომ მის საზღვართან ნატო საფრთხის შემცველია, ვფიქრობ, მუქარაა და მეტი არაფერი, რადგან რუსეთი ნატოს წევრ სახელმწიფოებს ვერ ეხება. სულ ასე იყო, თუმცა ვითარება შეიცვალა მას შემდეგ, რაც რუსეთი ყირიმში შეიჭრა და დონბასში დაიწყო პირველი პროქსი-ომი. ამიტომაც იყო, რომ ბალტიის ქვეყნებში სასწრაფოდ განთავსდნენ ამერიკელი სამხედროები, რადგან პუტინი ძალიან გათამამდა და აღარ იყვნენ დარწმუნებული, რომ რუსეთი ნატოს წევრებს არ შეეხებოდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომმა ცხადყო, რომ რუსეთი აღარ ჩანს ისეთი ძლიერი, უკვე ნაკლებად ეშინიათ მისი განცხადებების. შესაბამისად, ნატოს გაფართოებაც უფრო მშვიდად მიდის, ოღონდ ფინეთისა და შვედეთის ხარჯზე და არა ჩვენს ხარჯზე. ჩვენ სხვა სიტუაცია გვაქვს – თურქეთის განცხადება კითხვებს კი აჩენს, მაგრამ იმედია, მოგვარდება და გაწევრდებიან. რაც შეეხება საქართველოს, ეს ჩვენთვის ბევრს არაფერს ცვლის. ჯერ არავის გაუუქმებია რუსული ბაზა ცხინვალთან. ჩვენი გაწევრების მთავარი დამაბრკოლებელი ეს არის და არა სხვა რამ. რამშტაინის ბაზაში გამართულ შეხვედრაზე საქართველო რომ არ მიიწვიეს არ ვიცი, შესაძლოა ეს ჩვენი ე.წ. ფრთხილი საგარეო პოლიტიკის შედეგია და ნაწილობრივ იმისაც, რომ საქართველოს უკრაინის ომით გამოწვეული საფრთხეები ამ ეტაპზე ნაკლებად ეხება. უფრო ნაკლებად ეხება, ვიდრე მოლდოვასაც კი, რადგან მოლდოვის ტერიტორიასთან იყო შეტაკებები უკრაინელებსა და რუსებს შორის, ჩვენთან კი მსგავსი რამ, მადლობა ღმერთს, არ ხდება. შესაბამისად, ეს ამ ორივე ფაქტორის შედეგი მგონია. საქართველოს ხელისუფლება ისე მოქმედებს, როგორც თქვენ თქვით – ფიქრობს, რომ აქტიურობა მაინც არ მოიტანს ნატოში გაწევრებას, რუსეთს კი ძალიან გააღიზიანებს.

ოსტინისა და შოიგუს ტელეფონით საუბარი ნიშნავს იმას, რომ რუსებიც აცნობიერებენ, რომ სახიფათო ზღვარს არ უნდა გადასცდნენ. თუ დაიწყო მსოფლიო ომი, ამას მთელი მსოფლიოს დაღუპვა მოჰყვება და ეს არც მათ აწყობთ. ამას ყველა სხვა სცენარი სჯობს. შესაბამისად, კარგია, რომ მათი საუბარი შედგა… ვინმეს თუ აქვს ილუზია, რომ რუსეთი მარტივად დაიხევს უკან და ცუდს აღარაფერს გააკეთებს, ძალიან ცდება. შესაძლოა ქიმიური იარაღი გამოიყენოს, არც ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაა გამორიცხული. ასეთი კომუნიკაციები საჭიროა – ორივე მხარეს ესმის, რომ წითელი ხაზი არ უნდა გადაიკვეთოს. წითელი ხაზია რუსეთისთვის ის, რომ ამერიკის ჯარი არ გამოჩნდეს უკრაინის ტერიტორიაზე, ამერიკის წითელი ხაზი კი სწორედ ქიმიური ან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება იქნება. ალბათ, ამაზე იქნებოდა საუბარი”, – აცხადებს შარაშენიძე.

კითხვაზე: “თქვენი აზრით, არის შანსი, რომ წითელი ხაზები გადაიკვეთოს?” – რესპონდენტი პასუხობს:

“არის, მაგრამ, წესით, არ უნდა გადაიკვეთოს. იმ სახელმწიფოს, რომელსაც დიდი ბირთვული არსენალი აქვს, უზარმაზარი პასუხისმგებლობა აკისრია. ამას უნდა აცნობიერებდეს”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები