ჩინეთმა განახორციელა ექსპედიცია, რომლის ფარგლებშიც ადამიანებით დატვირთული წყალქვეშა აპარატი არქტიკის ყინულის საფარის მიღმა პირველად გაემართა.
ოთხი ჩინური კვლევითი გემი, შანხაიში შევიდა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში ყველაზე მასშტაბური სამეცნიერო კვლევა დაასრულა.
როგორც მედიაში ამბობენ, ექსპედიციის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა იყო ღრმაწყლოვანი წყალქვეშა ნავის, „ჯიაოლონგის“ გამოყენებით ეკიპაჟის გაგზავნა არქტიკული ოკეანის ყინულით დაფარული წყლების ქვეშ, ზღვის ფსკერზე.
მეცნიერების ინფორმაციით, მისიის მიზანი იყო არქტიკის ოკეანის სიღრმისეული სტრუქტურის, ეკოსისტემისა და კლიმატის ცვლილებების გავლენის შესწავლა. კვლევითი ჯგუფის ცნობით, მიღებული მონაცემები ხელს შეუწყობს პოლარული რეგიონების შესახებ ცოდნის გაფართოებას და გლობალური კლიმატის მოდელების დახვეწას.
ადგილიბრივი მედიის ცნობით, ჩინეთი არქტიკას განიხილავს როგორც გლობალური ინტერესების ზონას, რომლის ბუნებრივი რესურსების, ტრანსპორტისა და კლიმატური როლის შესწავლა ქვეყნის სამეცნიერო და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება.