დავით მათიკაშვილი – არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდება

„დაპირისპირებისთვის, ძალადობისთვის და ძალმომრეობისთვის ვინც ემზადება, ისინი სახელმწიფოსგან აუცილებლად სათანადო, ადეკვატურ და პროპორციულ პასუხს მიიღებენ,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახალგაზრდები გაფრთხილდნენ გამორჩეულად, ახალგაზრდული ჟინით და რესურსით ხშირად რადიკალები სარგებლობენ და როდესაც უკვე პასუხის გაცემის დრო დგება, ისინი იმალებიან.

„ურთიერთობას არ უარყოფენ ბურჭულაძე და ბაჩო ახალაია, გაშიფრულია ამ ქსელის ერთმანეთთან ურთიერთობა, ის, თუ საქართველოში როგორ ფინანსდება უნივერსიტეტების გამოყენებით ცალკეული რადიკალური პროცესები. ეს განცხადებები მიანიშნებს, რომ ერთ მუჭა რადიკალებს ცალკეული დესტაბილიზაციის სურვილი აქვთ, თუმცა 4 ოქტომბერს ქართველ ხალხს არჩევანის უფლებას ვერავინ წაართმევს. არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდება და არეულობის შემოტანას ვინც ეცდება ჩვენს საზოგადოებაში ამ დღეს, მანამდე, თუ შემდეგ, ხელისუფლებისგან სათანადო პასუხს მიიღებს.

ახალგაზრდები გაფრთხილდნენ გამორჩეულად, ახალგაზრდული ჟინით და რესურსით ხშირად რადიკალები სარგებლობენ და როდესაც უკვე პასუხის გაცემის დრო დგება, ისინი იმალებიან, სამართალდამცავ ორგანოებს სწორედ ახალგაზრდები აღმოუჩნდებიან ხოლმე ხელში. კარგად დაფიქრდნენ, ნებისმიერ ძალადობრივ პროცესს სახელმწიფოს მხრიდან აუცილებლად ადეკვატური პასუხი გაეცემა. ყველა ის ძალა, რომელიც გაბედავს, საკუთარი ხალხის, ქვეყნის წინააღმდეგ ხელს აღმართავს და შეეცდება, კონსტიტუციის გვერდის ავლით, რადიკალური პროცესებით ხელში ჩაიგდოს ხელისუფლება, პასუხისმგებლობა მთლიანად რადიკალებზე და იმ ძალაზე იქნება, რომელიც 2012 წლამდე საქართველოს აოხრებდა და დღესაც ცდილობს გარკვეული მექანიზმებით კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნებას. რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის მხრიდან მათ არანაირი ნდობის მანდატი არ აქვთ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები