გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-60 სესიის ფარგლებში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით, აუტიზმის სპექტრის მქონე პირების უფლებების დაცვის საკითხებზე ღონისძიება გაიმართა
ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-60 სესიის ფარგლებში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით პარალელური ღონისძიება გაიმართა:
„Living with Rights: Autism, Care and Support, and Inclusion”, რომელიც მიეძღვნა აუტიზმის სპექტრის მქონე პირების უფლებების დაცვის საკითხებს. ღონისძიების მოდერატორი იყო
ჟენავაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი რევაზ ლომინაძე.
ღონისძიების მიზანი იყო ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე აუტიზმის მქონე პირთა უფლებების ხელშეწყობისთვის დიალოგის გაღრმავება და სამომავლო აქტივობებისთვის საფუძვლის შექმნა.
პარალელურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი
ნიკო თათულაშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ირინე წაქაძე,
გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის წევრი რეჰაბ მოჰამედ ბორესლი, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე და სხვა ოფიციალური პირები.
პარალელური ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია. ღონისძიების თანასპონსორები იყვნენ ავსტრია, აზერბაიჯანი, გამბია, დომინიკის რესპუბლიკა, მალტა, მოლდოვა, მექსიკა, პორტუგალია, რუმინეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, სომხეთი და ჩინეთი.