პოლონეთში მცხოვრები ქართველი, რომელიც ოჯახს გარდაცვლილი ეგონა, ცოცხალია
პოლონეთში მცხოვრები, საქართველოს მოქალაქე, რომელიც ოჯახს გარდაცვლილი ეგონა, ცოცხალია. ინფორმაციას მისი მეგობრები ადასტურებენ.
ახლობლების ინფორმაციით, ბექა ტაბაღუა კომაში იყო. ის, სავარაუდოდ, ცივი იარაღითაა გულ-მკერდის არეში დაჭრილი და, ამჟამად, საავადმყოფოში რჩება.
„შენ ნამდვილი დაბადების დღე გაგთენებია, ძმაო – სიკვდილს რა უნდა შენთან, ბექა… შენ მშობლებს გაუსაძლისი ტკივილი სიხარულად ექცათ. გამოჯანმრთელდი, ძმაო. არ დანებდე! გილოცავ დაბადების დღეს!”, – წერს მისი ერთ-ერთი მეგობარი, ბექა ლაგვილავა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ბექა ტაბაღუა ზუგდიდის სოფელ ინგირის მკვიდრია. ის პოლონეთში სამუშაოდ 7 თვის წინ წავიდა.
შეგახსენებთ, რომ წუხელ ტაბაღუას ოჯახს დაუკავშირდნენ და მისი გარდაცვალების შესახებ აცნობეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას საბუთები არ ჰქონდა და კვალს ქართველმა ემიგრანტებმა საავადმყოფოში მიაგნეს.