სენატორი რიში – ვგმობთ გუშინდელ უკანონო არჩევნებს სამხრეთ ოსეთში და ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას
მე და საერთაშორისო საზოგადოება ვგმობთ გუშინდელ უკანონო არჩევნებს სამხრეთ ოსეთში, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სენატორი აღნიშნავს, საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას კვლავ აგრძელებს.
„უკრაინა არ არის ერთადერთი ერი, რომლის დაშლასა და განადგურებასაც პუტინი ცდილობდა. სამხრეთ ოსეთი საქართველოს ორი რეგიონიდან ერთ-ერთია, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. მე და საერთაშორისო საზოგადოება ვგმობთ გუშინდელ უკანონო არჩევნებს სამხრეთ ოსეთში და ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას“, – წერს რიში „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 8 მაისს ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა.