“როგორც აღმოჩნდა, ნაციზმის იდეები ჯერ კიდევ ცოცხალია” – ანქვაბი
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერმინისტრმა, ალექსანდრე ანქვაბმა რუსეთის მთავრობის მეთაურს, მიხეილ მიშუსტინს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 77-ე წლისთავი მიულოცა.
როგორც მისალოც წერილშია ნათქვამი, “საბჭოთა კავშირის მრავალეროვნული ხალხი გამარჯვებისთვის იბრძოდა და ყველამ ერთად საერთო სამშობლოს გადარჩენის სახელით უკვდავი ღვაწლი შეიტანა”.
„ათწლეულების შემდეგ, ამ წმინდა დღესასწაულის აღნიშვნისას, ჩვენ კვლავ ვაცნობიერებთ ნაციზმის საშიშროებას, რომლის იდეები, როგორც გაირკვა, ჯერ კიდევ ცოცხალია. დღეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე, რუსეთის ფედერაცია იძულებულია, ებრძოლოს ამ ბოროტებას უკრაინაში,“ – განაცხადა ანქვაბმა.
ე.წ. მთავრობის მეთაურმა გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში “წარმოებული სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდება”.
მან თქვა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი მხარს უჭერს რუსეთს, მათ შორის, “სპეცოპერაციაში” აფხაზი მოხალისეების მონაწილეობით.