გიორგი ამილახვარი: საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში ჰუმანიტარული დახმარების კუთხით, ამის ფონზე უკრაინის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან შეურაცხმყოფელი ბრალდებები არ უნდა კეთდებოდეს
“უკრაინის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების განცხადებები უკვე ყოველგვარ სერიოზულობასაა მოკლებული. ბიძინა ივანიშვილი აღარაა პოლიტიკაში”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ამილახვარი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას.
ამილახვარის თქმითვე, იმ ფონზე, როცა საქართველო ჰუმანიტარული დახმარების კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, უკრაინის მხრიდან მსგავსი განცხადებები შეურაცხმყოფელია.
“უკრაინის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების განცხადებები უკვე ყოველგვარ სერიოზულობასაა მოკლებული. ბიძინა ივანიშვილი აღარაა პოლიტიკაში, შესაბამისად, დღეს იმაზე ლაპარაკი, რომ ბიძინა ივანიშვილი რაიმე ფორმით ერევა პოლიტიკაში ან აქვს გავლენა – საფუძველსაა მოკლებული. დღეს, როდესაც საქართველო და საქართველოს მოქალაქეები მსოფლიოში პირველ ადგილზეა ჰუმანიტარული დახმარების კუთხით და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი უკრაინელი დების და ძმების დასახმარებლად – ამის ფონზე არ უნდა კეთდებოდეს შეურაცხმყოფელი ბრალდებები”, – აღნიშნა ამილახვარმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა „ამერიკის ხმასთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის და, რა თქმა უნდა, არა ხალხის პოზიცია სრულებით აშკარად უპირისპირდება დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას. საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ბატონ ივანიშვილს, რომელიც მკაფიოდ წარმოდგენილი რუსი ოლიგარქია და, სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია, აქვს გავლენა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო, ცოტა არ იყოს, უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს. არ იკავებს ისეთივე მკაფიო და არაორაზროვან პოზიციებს, როგორიც აქვს ევროკავშირის ქვეყნებს და შეერთებულ შტატებს. რაც შეეხება დაზვერვის მონაცემებს, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია [რუსეთის] მიმდინარე მოლაპარაკებებზე სხვადასხვა ქვეყნებთან, იქნება ეს ბელარუსი და რუსეთი, საქართველო და რუსეთი, თუ სომხეთი და რუსეთი. ჩვენი საგარეო დაზვერვა აკონტროლებს ამ ყველაფერს”.