ოდესაში დაბომბვის შედეგად ჟურნალისტი, მისი 3 თვის ქალიშვილი და დედა დაიღუპნენ

23 აპრილს ოდესაში რუსული დაბომბვის შედეგად ჟურნალისტი ვალერია გლოდანი და მისი 3 თვის ქალიშვილი დაიღუპნენ. ტრაგედიის შესახებ გარდაცვლილი ქალის მეგობარმა Facebook-ზე დაწერა და დასძინა, რომ ვალერიას დედაც გარდაეცვალა.

“არ მჯერა. ჩვენ ახლოს არ ვიყავით, მაგრამ ვმეგობრობდით. წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვიყავით კოლეგები, მჭიდროდ ვთანამშრომლობდით ამ შესანიშნავ, გულწრფელ და კეთილ გოგონასთან. მას ჰყავს ძალიან პატარა ქალიშვილი. ის სამი თვის იყო და ვერ  გადარჩა. ენით აღუწერელი ტკივილია. ყვირილი მინდა“, – წერს ის.
ვალერიას მეუღლემ, იური გლოდანმა ცოლისა და ქალიშვილის ფოტოები გამოაქვეყნა. დაბომბვის დროს სახლში მისი ახლობლები დარჩნენ, ის კი მაღაზიაში იყო წასული, ამიტომ გადარჩა.

“ჩემო ძვირფასებო, ღმერთმა ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროთ! თქვენ ჩვენს გულებში ხართ!”, – წერს იური.
ვალერია, წარმოშობით ხერსონიდან იყო, ის გმობდა რუსეთის აგრესიას ომის დაწყებიდან და უკრაინელ მოხალისეებს უჭერდა მხარს.

შეგახსენებთ, რომ 23 აპრილს ოდესაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, საჰაერო თავდაცვამ ორი სამიზნე ჩამოაგდო, კიდევ ორი ​​მოხვდა მრავალსართულიან შენობასა და სამხედრო ობიექტს. შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები