მცხეთის მერის ინიციატივით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 2000-მდე ოჯახს საახალწლოდ სასურსათო პაკეტები დაურიგდებათ
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის გოგი აბუაშვილის ინიციატივით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 2000-მდე ოჯახს საახალწლოდ სასურსათო პაკეტები დაურიგდებათ. ინფორმაციას მცხეთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი, მოადგილეები -გიორგი მძევაშვილი და გოგა თალაშვილი, ასევე მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი და პირველი მოადგილე – გიორგი კვახაძე მცხეთაში დღის ცენტრ „მომავლის რწმენას”, მუხრანის მოხუცთა თავშესაფარსა და სოციალურად დაუცველ პირებს ესტუმრნენ, სასურსათო ნობათები გადასცეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.
“საახალწლო-სასურსათო პაკეტებს მიიღებენ მცხეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უკიდურესად გაჭირვებული, მრავალშვილიანი და მარტოხელა პირები, ასევე მოხუცთა თავშესაფრის, უფასო სასადილოს, წეროვნის დღის ცენტრის, საგურამოს დღის ცენტრ ,,იალონის”, წილკნისა და გალავნის მცირე საოჯახო სახლების ბენეფიციარები, უსინათლოები და ვეტერანები.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით, სოციალური ღონისძიებები მომავალშიც განხორციელდება”,- წერია ინფორმაციაში.