Fox News-ის ცნობით, აშშ-ში 400 000 დოლარის ღირებულების ცოცხალი ლობსტერების ტვირთი მოიპარეს
აშშ-ში, ილინოისის შტატში, Costco-ს სუპერმარკეტებისთვის განკუთვნილი 400 000 დოლარის ღირებულების ცოცხალი ლობსტერების ტვირთი მოიპარეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ლოჯისტიკურ კომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ინდიანას შტატის ლოჯისტიკური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, 400 000 დოლარის ღირებულების ცოცხალი ლობსტერების ტვირთი, რომელიც ილინოისისა და მინესოტას შტატში მდებარე Costco-ს მაღაზიებისთვის იყო განკუთვნილი, მიწოდებამდე მოიპარეს“, – იუწყება გამოცემა.
როგორც Rexing Companies-ის აღმასრულებელი დირექტორი დილან რექსინგი აღნიშნავს, როგორც ჩანს, ქურდობა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განხორციელდა, რომელიც მაღალი ღირებულების საქონლის ქურდობაში სპეციალიზირებულია. FBI ინციდენტს უკვე იძიებს.
„ეს მთელი ქვეყნისთვის უზარმაზარი პრობლემაა. ის პირდაპირ გავლენას ახდენს ბიზნესზე და მომხმარებლებისთვის ფასების ზრდას იწვევს“, – განუცხადა რექსინგმა ტელეარხს.
აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოების მონაცემებით, ქვეყანაში ტვირთის ქურდობით გამოწვეული წლიური ზარალი 15-დან 35 მილიარდ დოლარამდე მერყეობს.