ჩინეთმა ამერიკულ თავდაცვის კომპანიებს ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის გამო სანქციები დაუწესა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარასკევს სანქციების შესახებ განაცხადა, რომლებიც 10 ფიზიკური პირისა და 20 ამერიკული თავდაცვის კომპანიის წინააღმდეგაა მიმართული. ჩინეთმა დასანქცირების მიზეზად ტაივანისთვის იარაღის მიყიდვა დაასახელა.

სამინისტროს ცნობით, ეს ზომები კომპანიებისა და ფიზიკური პირების მიერ ჩინეთში არსებულ ნებისმიერ აქტივს ყინავს და ადგილობრივ ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს მათთან საქმიანი ურთიერთობების დამყარებას უკრძალავს.

“სიაში შეყვანილ პირებს, მათ შორის თავდაცვის ფირმა Anduril Industries-ის დამფუძნებელს და სანქცირებული ფირმების ცხრა მაღალჩინოსანს, ასევე ეკრძალებათ ჩინეთში შესვლა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სხვა სამიზნე კომპანიებს შორისაა Northrop Grumman Systems Corporation და L3Harris Maritime Services.

ეს ნაბიჯი მოჰყვა ვაშინგტონის მიერ გასულ კვირას ტაივანისთვის 11.1 მილიარდი დოლარის იარაღის მიყიდვის შესახებ განცხადებას, რაც კუნძულისთვის აშშ-ის მიერ იარაღის მიწოდების ყველაზე მასშტაბური პაკეტია.

„ტაივანის საკითხი ჩინეთის ძირითადი ინტერესების ბირთვს წარმოადგენს და პირველი წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთაც ჩინეთ-აშშ-ს ურთიერთობებში არ შეიძლება. ტაივანის საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერ პროვოკაციულ ქმედებას, რომელიც ზღვარს გადაცდება, ჩინეთის მხრიდან მკაცრი პასუხი მოჰყვება“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

როგორც მედია აღნიშნავს, აშშ კანონით ვალდებულია, ტაივანს თავდაცვის საშუალებები მიაწოდოს, თუმცა იარაღის ასეთი გაყიდვები ჩინეთთან უთანხმოების მუდმივ წყაროს წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები