“ქართული ხორბლის აღიარება არის საშუალება, რათა ვილაპარაკოთ მეტი იმაზე, თუ ვინ ვიყავით გუშინ, ვინ ვართ დღეს და ვინ შეგვიძლია ვიყოთ ხვალ. იუნესკო-ს ეს აღიარება შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია ჩვენი ერის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხა, რომელიც ჯერ კიდევ ელის იუნესკოს ყურადღებას”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თემაზე – „პური ჩვენი არსობისა“ ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიცია და იდენტობა“ პარლამენტში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მემკვიდრეობას მოფრთხილება და გამოყენება სჭირდება, რათა მომავალ თაობებს გადაეცეს.
“ჩვენს მემკვიდრეობას სჭირდება არა მხოლოდ დაცვა და მოფრთხილება, არამედ მას სჭირდება გამოყენება, ყოფიდან არ გაქრობა, რათა გადავცეთ მომავალ თაობებს. გადავცეთ ცოცხლად, შინაარსიანად, რათა მისი გამოყენებით მათ გაინათონ ის რთული დღეები, რომლის დაძლევაც ყველა თაობას უწევს. იუნესკო-ს ეს აღიარება, ამავე დროს შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია ჩვენი ერის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხა, რომელიც ჯერ კიდევ ელის იუნესკოს ყურადღებას.
დღეს, ჩვენ მოვისმენთ იმ გრძელი და რთული პროცესის შესახებ, იმ სამუშაოს შესახებ, რომელიც საქართველომ ამ სტატუსის მოსაპოვებლად გასწია. ასევე, ჩვენს აუდიტორიას და საზოგადოებას გავაცნობთ ამ საპატიო და საამაყო სტატუსის მნიშვნელობას, რაც თავის მხრივ წარმოადგენს ძალიან ეფექტურ საშუალებას, ვილაპარაკოთ ქართულ კულტურაზე, ისტორიაზე და იდენტობაზე. მეტიც, ჩვენი ხალხის ისტორიული მიღწევებისა და კაცობრიობის წინაშე დამსახურების ამგვარი საყოველთაო აღიარება გვავალდებულებს, წინ გავიხედოთ და თამამად გავაკეთოთ განაცხადი, თუ კიდევ რა შეიძლება გავაცნოთ მსოფლიოს ჩვენი ამოუწურავი კულტურული მემკვიდრეობიდან. უაღრესად ხშირი და გავრცელებულია შემთხვევა, როდესაც ამა თუ იმ ადამიანს რცხვენია და სათაკილო გადმონაშთად მიაჩნია საკუთარი, მშობლიური კულტურა და შენატრის უცხოს, უცხოურს, სხვის მიღწევებს. ამ პროცესში ზოგიერთი ცდილობს, თავისი გააქროს და დააკნინოს, სხვისი კი განადიდოს და დაიმკვიდროს. ამჯობინებს იყოს ასლი და არა თვითნაბადი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.