“ქრთამის აღების რამდენიმე ეპიზოდი არის – მათ შორის, თაღლითური “ქოლ-ცენტრების” მფარველობის საკითხი, რაც, ბუნებრივია, იწვევს ძალიან დიდ ინტერესს” – გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორი

“ქრთამის აღების რამდენიმე ეპიზოდი არის – მათ შორის, თაღლითური “ქოლ-ცენტრების” მფარველობის საკითხი, რაც, ბუნებრივია, იწვევს ძალიან დიდ ინტერესს”, – ამის შესახებ სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორი, მარიამ ბერძენიშვილი აცხადებს.

როგორც პროკურორი განმარტავს, ეს არის საკმაოდ კომპლექსური ხასიათის დანაშაული და ამ მიმართულებით გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.

“გრიგოლ ლილუაშვილს, ამ ეტაპისათვის, გამოძიებისთვის რაიმე სახის ინფორმაცია მიწოდებული არ აქვს. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც პროცესი დაიხურა და ამ ეტაპისათვის არ გახდა საჯარო კონკრეტული პირების სახელები და გვარები, არის ის, რომ გამოძიებას ხელი არ შეეშალოს”, – აცხადებს მარიამ ბერძენიშვილი.

ლილუაშვილის ადვოკატი, რობერტ გრიგალაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას გაასაჩივრებს.

“პროკურატურამ იშუამდგომლა სხდომის დახურვის თაობაზე. მათი არგუმენტებიდან გამომდინარე, არ უნდა ამომხდარიყო გარკვეული მოწმეთა ბაზის გამომჟღავნება – ამაზე მე ცალსახად დავაფიქსირე ის პოზიცია, რომ ზოგადად, აღკვეთის ღონისძიების განხილვის დროს, შინაარსობრივად არავინ არ შედის განხილვაში, თუ რომელი მოწმე რას მიუთითებს და ა.შ. აღკვეთის ღონისძიების საკითხს, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ,” – აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები