რაც შეეხება რკინიგზის და გზის მიყვანას, ამასთან დაკავშირებითაც სახელმწიფო შესაბამის ქმედით ნაბიჯებს გადადგამს, რომ 2029 წლისთვის საქართველომ და ანაკლიის ღრმაწყლოვანმა ნავსადგურმა მიიღოს პანამაქსის და ბოსფორმაქსის ტიპის გემები, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
„საქართველოს როლის გაძლიერება შუა დერეფნის კონტექსტში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამისთვის აუცილებელია იმ ძირითად ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელება, რაც გაზრდის ქვეყნის გამტარუნარიანობის პოტენციალს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა, მასთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობა, ამასთანავე საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურაში შესაბამისი ღონისძიებების გატარება იმისათვის, რომ ბევრად უფრო მოქნილი გახდეს და ა.შ.
ამ მიმართულებით ვდგამთ ნაბიჯებს. რაც შეეხება ანაკლიას, მოგეხსენებათ, რომ სამობილიზაციო სამუშაოები დასრულებულია და ძალიან მალე გადავალთ უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებზე. რაც შეეხება რკინიგზის და გზის მიყვანას, ამასთან დაკავშირებითაც სახელმწიფო შესაბამის ქმედით ნაბიჯებს გადადგამს, რომ 2029 წლისთვის საქართველომ და ანაკლიის ღრმაწყლოვანმა ნავსადგურმა მიიღოს პანამაქსის და ბოსფორმაქსის ტიპის გემები, სადაც სიღრმე იქნება 16 მეტრი“, – აღნიშნა იოსელიანმა.