სუს-ი: ბაჩანა ახალაიასთან ერთად დაკავებული იქნა მისი მეუღლე, ანა ნადარეიშვილი – მიღებულია გადაწყვეტილება ნადარეიშვილის დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ

მიღებულია გადაწყვეტილება ბაჩანა ახალაიასთან ერთად დაკავებული ანა ნადარეიშვილის დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ, – ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

მათივე ცნობით, გამოძიება მომავალში იმსჯელებს ანა ნადარეიშვილის მხრიდან 4 ოქტომბრის დანაშაულებრივ მოვლენებში შესაძლო მონაწილეობაზე.

„რაც შეეხება ბაჩანა ახალაიასთან ერთად დაკავებულ ანა ნადარეიშვილს, მიღებულია გადაწყვეტილება მისი დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ და გამოძიება მომავალში, არსებული თუ სხვა ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, იმსჯელებს, იღებდა თუ არა რაიმე ფორმით ისიც მონაწილეობას, მის მეუღლესთან ერთად, ჩადენილ დანაშაულში. ანა ნადარეიშვილის მიმართ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია იმის მიუხედავად, რომ ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე, მათ შორის, მას ჰქონდა შესაძლებლობა, ეპასუხა კითხვაზე – მხოლოდ ის კონტაქტობდა დანაშაულის სხვა ორგანიზატორებთან, თუ ამაში ჩართული იყო მისი მეუღლე ანა ნადარეიშვილიც, რითაც თავადაც არ გამორიცხა დანაშაულის ჩადენაში მისი მეუღლის თანამონაწილეობა“, – განაცხადეს სუს-ში.

ცნობისთვის, სუს-მა 4 ოქტომბრის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები