პარლამენტში კონფერენცია – „პური ჩვენი არსობისა: ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიცია და იდენტობა“ გაიმართა

საქართველოს პარლამენტში კონფერენცია თემაზე – „პური ჩვენი არსობისა: ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიცია და იდენტობა“ გაიმართა, რომელიც იუნესკო-ს მიერ ქართული ხორბლის კულტურის, მასთან დაკავშირებული ტრადიციებისა და რიტუალების არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანას მიეძღვნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მიმართა.

„ქართული ხორბლის აღიარება არის საშუალება, ვილაპარაკოთ მეტი იმაზე, თუ ვინ ვიყავით გუშინ, ვინ ვართ დღეს და ვინ შეგვიძლია ვიყოთ ხვალ. ჩვენს მემკვიდრეობას სჭირდება არა მხოლოდ დაცვა და მოფრთხილება, არამედ მას სჭირდება გამოყენება, ყოფიდან არ გაქრობა, რათა გადავცეთ მომავალ თაობებს. იუნესკო-ს ეს აღიარება შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია ჩვენი ერის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხა, რომელიც ჯერ კიდევ ელის იუნესკო-ს ყურადღებას. ჩვენი დღევანდელი ღონისძიების ერთ-ერთი მიზანიც ეს არის, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას შევთავაზოთ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლოთ, რაც შეიძლება მეტი ქართული ტრადიციის, რიტუალის მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის რანგში აყვანა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ღონისძიების მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი მიესალმა.

„დღევანდელი კონფერენცია არ არის მხოლოდ თემატური ღონისძიება, ეს ღირებულებებზე დაფუძნებული შეხვედრაა, რომელიც აერთიანებს სახელმწიფო პოლიტიკას, სამეცნიერო ცოდნას, ცოცხალ ტრადიციას, კულტურას და ქმნის ერთიან ნარატივს: ქართული ხორბალი, როგორც ეროვნული იდენტობის, კულტურული მეხსიერებისა და უწყვეტი ტრადიციის გაგრძელება“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქართული ხორბლის საერთაშორისო აღიარება მომავალში მნიშვნელოვან კულტურულ და სოციალურ სარგებელს მოიტანს და ახალი შესაძლებლობების საფუძველს შექმნის.

„ქართული ხორბლის კულტურა, მასთან დაკავშირებული ტრადიციები და რიტუალები მრავალათასწლოვანი ისტორიის მატარებელია და წარმოადგენს არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურულ ღირებულებას. დღეს, როდესაც ეს კულტურა მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი, ჩვენ ვიღებთ არა მხოლოდ აღიარებას, არამედ პასუხისმგებლობასაც – უზრუნველვყოთ მისი სიცოცხლისუნარიანობა და თანამედროვე სოფლის მეურნეობის პოლიტიკაში მისი ინტეგრირება“, – განაცხადა გელა სამხარაულმა.

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ქართული ხორბლის ისტორიულ, სულიერ და კულტურულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი ქართველი ერის იდენტობის განუყოფელი ნაწილია.

„ქართულ მრავალხმიანობას, ქვევრში ღვინის დაყენებას, ანბანის სამი სახეობის ცოცხალ ტრადიციას, ქართულ ჭიდაობას შეემატა ქართული ხორბალი, როგორც არამატერიალური კულტურის ძეგლი. საქართველომ თანამედროვე მსოფლიოში სამარადჟამოდ დაიმკვიდრა ადგილი, როგორც კაცობრიობის ცივილიზაციის განვითარების სათავეებთან მდგომმა, მაღალი სულიერებისა და დიდი კულტურის მატარებელმა ერმა“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

კონფერენციაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და მიტროპოლიტი, სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრის თავმჯდომარე მეუფე დავითი აბბა ალავერდელი.

კონფერენციის ფარგლებში პანელური დისკუსია გაიმართა თემაზე – „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციიდან მეცნიერებამდე და სამართლებრივ დაცვამდე“, სადაც მომხსენებლებმა ქართული ხორბლის უნიკალურობაზე, ენდემურ ჯიშებზე, ეთნოგრაფიულ ასპექტებზე, ფერმერების როლსა და იუნესკო-ს  ნომინაციის პროცესზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს გეოგრაფიული დასახელებებისა და ადგილწარმოშობის სამართლებრივი დაცვის პერსპექტივები.

სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის გელა სამხარაულის სახელით იუნესკოს-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ შეტანის საქმეში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმის, განსაკუთრებული ძალისხმევისა და მიზნისადმი ერთგულებისთვის იმ პირებს, ვინც თავისი შრომით ხელი შეუწყვეს ამ მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევას, მადლობის სიგელები გადაეცათ.

ღონისძიების ფარგლებში შესრულდა ფოლკლორული კომპოზიციები, ასევე წარმოადგინეს თემატური ვიდეორგოლი. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ იუნესკო-ს ნომინაციაზე წარდგენილი ფილმის ჩვენებას და დაეთვალიერებინათ ქართული ხორბლის ნაწარმის გამოფენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები