„ქართული იარაღ-საჭურველი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან“ – გამოფენა გაიხსნება
29 დეკემბერს, 16:00 საათზე, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი გამოფენის „ქართული იარაღ-საჭურველი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან“ – გახსნას უმასპინძლებს.
მუზეუმის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში რამდენიმე ათასი საბრძოლო იარაღია დაცული, რომელთაგან ასამდე ექსპონატი გამოფენაზეა წარმოდგენილი. აქ თავმოყრილია როგორც შემტევი, ისე თავდასაცავი იარაღების ძალიან საინტერესო ნიმუშები, რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩო XVII-XIX საუკუნეებით განისაზღვრება. ამასთანავე, ვიტრინებში განთავსებულია XX საუკუნის დასაწყისის რამდენიმე სატევარი, რომელიც შესრულების მაღალი მხატვრული დონით იქცევს მნახველის ყურადღებას. ისინი ქართული მატერიალური კულტურის საგანძურია.
ექსპოზიციაზე იხილავთ ტიპოლოგიურად განსხვავებულ ქართულ ხმლებს; ცნობილ ოსტატთა (ძაძამიძის, ჯღამაძის, ელიარაშვილის და სხვ.) ნახელავ ცივ იარაღებს; განვითარების ეტაპების მიხედვით წარმოდგენილ ცეცხლსასროლ იარაღებს; თავდასაცავი სახეობების (ფარი, მუზარადი, ჩაჩქანი) რამდენიმე ნიმუშს; მეფეთა და წარჩინებულთა მემორიალურ იარაღებს, როგორიცაა ბაგრატიონების, ორბელიანების, ჭავჭავაძეების, დადიანების და სხვათა ხმალ-სატევრები, თუ თოფ-ზარბაზნები.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იმერეთის მეფის – ა.
ლექსანდრე III-ის (1639-1660) ჯაჭვის პერანგი, სამეფო საჭურვლის ერთადერთი ნიმუშია საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში. ექსპონირებული იარაღ-საჭურველის გარკვეული ნაწილი პირველად იფინება.
გამოფენა 29 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება
მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქუჩა №8.