პარლამენტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილება მეორე მოსმენით მიიღო 

პარლამენტმა 82 ხმით, 11-ის წინააღმდეგ, მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა  „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებას, რომელიც კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებებს შორის დავის საკითხს შეეხება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, წარმოდგენილ საკითხს არანაირი კავშირი აქვს იმპიჩმენტის პროცედურასთან.

„იმპიჩმენტს ყავს სხვა სუბიექტთა წრე და სხვა პროცედურა აქვს. წარმოდგენილი პროექტით, თუ ეროვნული ბანკის, გენერალური პროკურორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სხვა კონსტიტუციურ ორგანოთა მიერ დაისმება საკითხი, რომ მათ უფლებამოსილებაში მოხდა შეჭრა, რაც კონსტიტუციურ ჩარჩოს არ შეესაბამება და სურს ეს დადასტურდეს რომ ეს ასეა, ამისთვის ხდება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა. ეს არ არის იმპიჩმენტის პროცედურა”, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, ცვლილების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გენერალურ პროკურორს, ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალურ აუდიტორს, სახალხო დამცველს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ან აღმასრულებელ ორგანოს, თუ ის მიიჩნევს, რომ რომელიმე მათგანის  სამართლებრივი აქტით, მოქმედებით ან უმოქმედობით სრულად ან ნაწილობრივ ხელყოფილ იქნა მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება.

პროექტის თანახმად,  საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს იმ სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას ან იმ მოქმედების ან უმოქმედობის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელმაც სრულად ან ნაწილობრივ ხელყო მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებამოსილება.

საკონსტიტუციო სასამართლო, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში,  ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის დადგენისას ამოწმებს მისი შინაარსის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობას.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი და რატი იონათამიშვილი.

კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები