აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თხილის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა – დენის სალუქვაძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თხილის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა და საწარმოო პროცესს ადგილზე გაეცნო.
თანამედროვე ტექნოლოგიის მქონე საწარმოში, მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა და აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლევან ბოლქვაძე იმყოფებოდნენ.
შპს „აჭარა თხილის” ქარხანა ნედლეულს ფერმერებისგან შეუფერხებლად ღებულობს. სეზონზე ქარხანა 300 ტონამდე ნედლეულს გადაამუშავებს. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია, გარდა ადგილობრივი ბაზრისა, ევროპის ქვეყნებშიც ხდება. ამჟამად საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული.
როგორც მინისტრმა განაცხადა, უმნიშვნელოვანესია თხილის საექსპორტო წარმოების ხელშეწყობა, რომელსაც სამინისტრო მომდევნო წლებშიც გააგრძელებს, რათა გავაუმჯობესოთ მეთხილე ფერმერების მატერიალური შემოსავლები.
მეთხილეობის სფეროში დარგის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში, ბაღის მობილურ შემასხურებელს და თხილის გამრჩევ აპარატს თანადაფინანსების პრინციპით გადასცემს მეთხილე ფერმერებს. მეთხილე ფერმერებს საველე პირობებში სისტემატიურად უტარდებათ აგრარული ექსტენცია.
ინფორმაციას, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.