„გორის ქალთა გუნდის ხმები – მთვარეზე“! – ციფრული არქივისთვის სამი ნამუშევარი გაიგზავნა
გორის ქალთა გუნდის ხმები მთვარეზე გაიგზავნება. ამის შესახებ ინფორმაცია გორის ქალთა კამერული გუნდის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
„ყველაზე სასწაული პროექტი, რაც კი აქამდე გვქონია!
გორის ქალთა გუნდის ხმები უკვე მთვარეზე!
არ მოგესმათ! დიახ – მთვარეზე!
აშშ-ს აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს – NASA – National Aeronautics and Space Administration-ის, კომპანია SpaceX-ის და Astrobotic Technology-ს მხარდაჭერით, კორპორაცია Incandence Corp-მა შექმნა ციფრული არქივი, სახელწოდებით – Lunar Codex (იდეის ავტორი Dr. Samuel Peralta), რომელიც გაიგზავნება მთვარეზე, სადაც შესული იქნება ხელოვანების სხვადასხვა ნამუშევარი მსოფლიოს 90 ქვეყნიდან. საქართველოდან კი შეირჩა გორის ქალთა გუნდი.
სამხატვრო ხელმძღვანელის, თეონა ცირამუას გადაწყვეტილებით, ამ პროექტისთვის გაგზავნილია სამი ნამუშევარი. ორი ნაწარმოები – „ეგზერსისი“ და „ლაშარის გზაზე“ ეკუთვნის ჩვენს გენიოს მსოფლიო კომპოზიტორს, ბატონ იოსებ კეჭაყმაძეს, ხოლო მესამე არის ქართული (აფხაზური) ხალხური სიმღერა „ვარადო“ (სოლისტები თ. ცირამუა, თ. პავლიაშვილი).
ყველა ეს ნამუშევარი მოთავსდება მე-2 კაფსულაში და მთვარეზე დაჯდება 2024 წელს!
ნაწარმოებებთან ერთად გაიგზავნა ასევე გუნდის ბრწყინვალე ისტორიაც, რომლის დაარსება ეკუთვნის გენიალურ ბატონ შალვა მოსიძეს და გორის სასწავლებლის გენიალურ ხელმძღვანელს, ბატონ სანდრო კაჭარავას!
ასევე ეს სამი ნამუშევარი EP-ს სახით გამოიცა Lenø Records-ზე და მისი მოსმენა შეგიძლიათ ყველა ციფრულ სთრიმინგ პლატფორმაზე (Apple Music, Spotify, etc). https://distrokid.com/hyperfo…/goriwomenschoir/lunar-codex
ჩაწერილი და გადაღებულია გიორგი გვარჯალაძის მიერ Leno Records-ში.
ყდის დიზაინი – ქეთი გვარჯალაძის.
ძალიან დიდი მადლობა ორგანიზაცია „ნაკვალევის“-დამფუძნებელს, ქალბატონ თამარ გოგატიშვილს მხარდაჭერისთვის.
www.nakvalevi.org.ge
მისი ჩართულობა რომ არა, ეს ამბავი არ მოხდებოდა.
უღრმესი და უდიდესი მადლობა გიორგი გვარჯალაძეს, (Lenø Records -ს), გვერდში დგომისთვის და უმაღლესი პროფესიონალიზმისთვის!
დიდი მადლობა ჩვენს ფილიპინელ მეგობარს, Romana Go-ს, აქტიური მხარდაჭერისთვის და დახმარებისთვის!
უღრმესი მადლობა გუნდის თითოეულ წევრს თავდადებისთვის და მუსიკის ასეთი სიყვარულისთვის! მიუხედავად კოვიდის შემოტევისა, მაინც მოვახერხეთ ამ გენიალური საქმის ბოლომდე მიყვანა!
…თუ როგორ მოვახერხეთ, ამის განსჯა თქვენთვის მოგვინდია, ჩვენო უსაყვარლესო გულშემატკივრებო“! – ნათქვამია სტატუსში.