საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ (მიხა) ხელაშვილს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახალხო პოეტს, ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილეს, ,,შეფიცულთა რაზმის“ წევრს მიხეილ (მიხა) ხელაშვილს სიკვდილის შემდეგ ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. – ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
მიხეილ (მიხა) ხელაშვილის ეროვნული გმირის ორდენი ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა, სადაც მიხა ხელაშვილის პირადი არქივია დაცული.
„მიხა ხელაშვილის ეროვნული გმირის ორდენს ეროვნულ ბიბლიოთეკას რომ გადასცემენ, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეროვნულ ბიბლიოთეკაში მიხა ხელაშვილის პირადი არქივია დაცული, ის ფოტოც, რომელიც მას სიკვდილის შემდეგ გადაუღეს და აკრძალული იყო მისი დაკრძალვა. ეს ფოტოც ჩვენთან არის დაცული. მე მიხარია, რომ გამოვეცით მიხა ხელაშვილის სრული კრებული“, – აღნიშნა ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა ლევან თაქთაქიშვილმა.
დაჯილდოების ცერემონია დღეს, ორბელიანების სასახლის ეზოში გაიმართა, რომელიც 9 აპრილთან დაკავშირებით ყველა მოქალაქისათვის ღია იყო.