ქართულიდან აფხაზურ და ოსურ ენებზე, აფხაზურიდან და ოსურიდან ქართულ ენაზე თანამედროვე ნაწარმოებების თარგმნისა და წიგნად გამოცემის მიზნით, კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა
6 აპრილს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი „მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობა (ქართული, აფხაზური, ოსური)“.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსი ითვალისწინებს:
ა) თანამედროვე ქართული ლიტერატურის ნიმუშების აფხაზურ და ოსურ ენებზე თარგმნასა და წიგნად გამოცემას;
ბ) თანამედროვე აფხაზური და ოსური ლიტერატურის ნიმუშების ქართულ ენაზე თარგმნასა და წიგნად გამოცემას.
„სამინისტროს მიერ კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 50 000 ლარს და მისი მიზანია ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობების აღდგენა და გაღრმავება, თანამედროვე ლიტერატურული ნიმუშების თარგმანების განხორციელების გზით.
მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს, კულტურის სამინისტრო გეგმავს საზეიმოდ აღნიშნოს აფხაზური ენის დღე, რომელიც, ქართულ ენასთან ერთად, აფხაზეთში სახელმწიფო ენაა. მოცემული კონკურსიც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს, რომ აფხაზური ენის დღე ღირსეულად იქნეს აღნიშნული.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ფიზიკურ და საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, რომლებსაც აქვთ აღნიშნულ სფეროში მუშაობის სულ მცირე 2-წლიანი გამოცდილება.
უპირატესობა შესაძლოა მიენიჭოს:
ა) შესაბამისი მიმართულებით პროექტის/ების განხორციელების გამოცდილებას;
ბ) იმ პროექტს/ებს, რომლებიც ითვალისწინებს სალიტერატურო სფეროში მოღვაწე როგორც ქართველ, ასევე აფხაზ და ოს ავტორთა საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით წიგნის გამოცემას, მათი შემოქმედების წარმოჩენა-პოპულარიზაციის მიზნით.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 6 აპრილიდან 2022 წლის 15 აპრილის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციები შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე: 599 877 816 (სამუშაო საათების განმავლობაში).
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტის შესახებ გასაჯაროვდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2022 წლის 2 მაისისა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის ბრძანებით N7864 „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“.
დამტკიცებული დაფინანსების წესი და ფორმულარები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh
ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau