კულტურის სამინისტრომ, თბილისსა და რეგიონებში შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობის მიზნით, კონკურსი გამოაცხადა
6 აპრილს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი „სახვითი და ვიზუალური ხელოვნების სფეროში შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს მიერ კონკურსისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 60 000 ლარს და მისი მიზანია საქართველოს ვიზუალური ხელოვნების ფართო სპექტრის (ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება, ფოტოგრაფია, მულტიმედია, პერფორმანსი, სივრცული ინსტალაცია და თანამედროვე ხელოვნების სხვა მიმართულებები) წარმოჩენა-პოპულარიზაცია; ადგილობრივი სახელოვნებო სცენის განვითარება თბილისსა და რეგიონებში გამოფენების და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების (ვორკშოპი, მასტერკლასი, ტრენინგი, სემინარი, კონფერენცია, ღონისძიების ფარგლებში ბეჭდური პროდუქციის შექმნა და სხვა ტიპის აქტივობები) ხელშეწყობით; ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა.
„კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ცალკეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი პროექტის წარმოდგენა.
კონკურსში, შესაძლოა, უპირატესობა მიენიჭოს: ხელოვანთა შემოქმედების წარმომჩენ ინოვაციურ პროექტებს, რომელთა კონცეფცია გამოირჩევა თანამედროვე ხედვითა და აქტუალურობით; რეგიონებში – ადგილობრივ ხელოვანთა ჩართულობით გამორჩეულ პროექტებს; პროექტს, რომლის წარმომდგენ კონკურსანტსაც აქვს შესაბამისი მიმართულებით პროექტის/ების განხორციელების გამოცდილება; პროექტს, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორების ფინანსურ ან სხვა ტიპის თანამონაწილეობას; პროექტს, რომელიც ითვალისწინებს მის როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მედიასაშუალებებით პოპულარიზაციას.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 6 აპრილიდან 2022 წლის 15 აპრილის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციები შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე 577 502 762 (სამუშაო საათების განმავლობაში).
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2022 წლის 2 მაისისა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის ბრძანებით N7864 „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ დამტკიცებული დაფინანსების წესი და ფორმულარები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh
ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau