საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, კანონპროექტთა პაკეტს მხარი დაუჭირა
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტთა პაკეტი თანმხლებ პროექტებთან ერთად მხარი დაუჭირა.
მომხსენებლის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნინო ენუქიძის განცხადებით, კანონპროექტის მიღებით მოხდება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის ცვლილება, რომლის შედეგადაც ამ კოდექსით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის განსაზღვრული უფლება–მოვალეობები გადაეცემა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს, რომლის სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები განისაზღვრება სააგენტოს დებულებით. შემოთავაზებული რედაქციით იცვლება განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიებზე და ზონებში განაშენიანების გეგმის, განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების წესი. აღნიშნულ გეგმებს დაამტკიცებს სააგენტო.
„საკითხი ეხება მთავრობის შიდა სტრუქტურულ ცვლილებებს. ინფრასტრუქტურის სამინისტროდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სისტემაში მთლიანად გადმოდის სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების მიმართულება. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს მიმართულება გააძლიეროს და ჩამოაყალიბოს მძლავრი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით”,-განაცხადა მომხსენებელმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ენუქიძემ, მისივე განცხადებით, კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების პოლიტიკის გაძლიერებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს პროცესების მეტად ეფექტიანად და კოორდინირებულად წარმართვას.