ბოლონიის საბავშვო წიგნის საერთაშორისო ბაზრობა – ვასილ გულეურთან შეხვედრა გაიმართება

მწერალთა სახლის ორგანიზებით, ბოლონიის საბავშვო წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ფარგლებში, საბავშვო მწერალ ვასილ გულეურთან შეხვედრა გაიმართება.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, 21-24 მარტს, ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობაზე საქართველო „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მიერ ორგანიზებული სტენდით წარდგება.
ბოლონიის წიგნის ბაზრობის ტრადიციულ The Illustrators Survival Corner-ზე, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს ილუსტრატორებს, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ორგანიზებით წარდგენილი იქნება სამი ილუსტრატორი: ანა ჯანელიძე, ვარლამ ჯმუხაძე და გიორგი ჯინჭარაძე. ისინი არა მხოლოდ საკუთარ ნამუშევრებს წარადგენენ, არამედ შეხვდებიან გამომცემლებს, ლიტერატურის აგენტებსა და საგამომცემლო სფეროს სხვა წარმომადგენლებს, რომლებსაც, სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვის მიზნით, საკუთარ პორტფოლიოს გააცნობენ. ასევე, ოთხი დღის განმავლობაში, გამოიფინება საქართველოში მომუშავე ათი ილუსტრატორის ორმოცამდე ნამუშევრის პრინტი.
ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობა 1963 წლიდან იმართება და საბავშვო ლიტერატურის მიმართულებით წამყვანი საერთაშორისო პლატფორმაა.
ბოლონიის ბაზრობის ფარგლებში მთავარი საბავშვო ლიტერატურული პრემიების, ჰანს ქრისტიან ანდერსენისა და ასტრიდ ლინდგრენის პრემიის ლაურეატებს გამოავლენენ. წელს ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე საქართველოდან წარდგენილები არიან: მარიამ წიკლაური, თეა თოფურია, ირმა მალაციძე, ვარლამ ჯმუხაძე და ნიქოზის ხელოვნების სკოლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები