„ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან – XIX-XXI საუკუნეები“ – აშშ-ში, პროფესორ ოთარ ჯანელიძის ავტორობით, ნაშრომი გამოიცა
საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერის, პროფესორ ოთარ ჯანელიძის ავტორობით, აშშ-ში გამოიცა წიგნი – „ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან – XIX-XXI საუკუნეები”; გამომცემლობა „NOVA Science Publishers“, ნიუ-იორკი, 2021 წელი. – ინფორმაციას ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, წიგნი, რომელიც 21 ნარკვევს აერთიანებს, მოიცავს სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს ახალი და თანამედროვე ისტორიის კარდინალურ საკითხებს.
ნაშრომის ერთ ნაწილში განხილულია რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობა XIX საუკუნის პირველ ნახევარში და ქვეყნის ინტერესების ევოლუცია კავკასიის რეგიონში; მეორე ნაწილი აღწერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1918-1921 წლებს, გარე სამყაროსთან ურთიერთობას, ხოლო დანარჩენი ტექსტი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდში ქართული რეალობის გარკვეულ ასპექტებს ასახავს.
ნაშრომი ეფუძნება მრავალრიცხოვან პირველწყაროს, მათ შორის – საარქივო დოკუმენტებს, პერიოდულ
გამოცემებს, მემუარებსა და სპეციალურ ლიტერატურას.
წიგნი განკუთვნილია საქართველოს ახლო წარსულითა და თანამედროვე რეალობით დაინტერესებული მკითხველისთვის.