ვალენტინა მარჯანიშვილი: საქართველოს დახმარება უკრაინელი ხალხის მიმართ იმდენად დიდია, რომ ემოციის გარეშე ამაზე საუბარი შეუძლებელია
დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის საკითხზე ვალენტინა მარჯანიშვილს შეხვდა. უკრაინული სათვისტომოს წარმომადგენელმა, ვალენტინა მარჯანიშვილმა გიორგი ტყემალაძეს შეხვედრის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა. მან საკრებულოს წევრებს სათვისტომოს მიერ უკრაინის დახმარების ორგანიზების კუთხით გაწეულ საქმიანობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. როგორც ვალენტინა მარჯანიშვილმა განაცხადა, თბილისში უკრაინის 400-მდე მოქალაქეა, რომლებიც ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ სასტუმროებში უსასყიდლოდ განათავსა.
გარდა ამისა, უკრაინული სათვისტომოს წარმომადგენელმა უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც სახელმწიფო სტრუქტურები, ასევე ბიზნესის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები უდიდეს დახმარებას უწევენ სათვისტომოს. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საკრებულო ყველა რესურსს გამოიყენებს როგორც ფინანსურს, ასევე, ადამიანურს, ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზებისა და თბილისში დარჩენილი უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად.
გიორგი ტყემალაძე საკოორდინაციო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც დახმარების მობილიზებას უფრო ეფექტიანს გახდის. შეხვედრაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – ზურაბ აბაშიძე, საკრებულოს წევრი – ნინო რუხაძე, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე – ლევან ჟორჟოლიანი და საკრებულოს ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე – რიტა ხიდირბეგიშვილი მონაწილეობდნენ.