ილია თვალიაშვილი: ფაქტობრივად, ვერ ვხედავ – ბატონო მოსამართლე, გთხოვთ, ვინც ჩემზე იძალადა, უმკაცრესად იყოს დასჯილი

5 ივლისს მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებული თავდასხმების დროს დაზარალებული ოპერატორი, ილია თვალიაშვილმა სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს თხოვნით მიმართა – ვინც მასზე იძალადა უმკაცრესად დასაჯოს.

მისი თქმით, არაერთი აქცია გაუშუქებია, თუმცა ასეთი რამ არცერთზე მომხდარა.

როგორც თვალიაშვილმა პროცესზე აღნიშნა, ათი დღის განმავლობაში უსინათლო ადამიანივით უწევდა ცხოვრება და შვიდი თვის შემდეგაც ჯერ ისევ მკურნალობის კურსს გადის.

„დავინახე ერთ-ერთი ჩვენი ოპერატორი დაჭერილი იყო და აქეთ-იქით აგდებდნენ, ამ ჩემ მეგობარს მოვკიდე ხელი და გავარიდე. შემდეგ გადავინაცვლეთ ქაშვეთისკენ, მანდ უკვე დაიწყო ჯიკაობა, ხან კამერას მართმევდნენ, ხან “ლაივუს” კაბელს ექაჩებოდნენ. არც ერთ მათგან არ ვიცნობ, შეურაცხყოფა მე არ მიმიყენებია. ამ დროს აქციის მონაწილეების ჯგუფმა შემითრია, რაც მახსოვს ძირს დამაგდეს და დაახლოებით 15-მდე ადამიანი გამისწორდა, უფრო კონკრეტულად შეგიძლიათ, ეს ნახოთ ჩემი გადაღებული მასალიდან, ვიდრე „ლაივუ“ დაზიანდებოდა, ყველა კადრი არის გადაღებული თუ როგორ მისწორდებოდნენ. გონს მოვედი პოლიციის მანქანაში, რაციაში მესმოდა წივილ-კივილის ხმა, ჩემი ჟურნალისტი ანა ფაცია კიოდა, მგონი მომიკლეს ჩემი ოპერატორიო. ჩემი მეუღლე ორსულად იყო და ახლა წარმოიდგინეთ, რომ მოისმენდა, რა დღეში ჩავარდებოდა. მე, რომ პოლიციას არ გავეყვანე, დამერწმუნეთ, ისე მოკლავდნენ, ვერც ერთი გაიგებდა ვერაფერს, ისე გამეტებით მირტყამდნენ. ძირს რომ დავვარდი, პოლიციის მანქანაში მოვედი გონს და შემდეგ არაფერი მახსოვს საავადმყოფომდე. აქციის მიმდინარეობისას აგრესიით არ გამოირჩეოდნენ, უბრალოდ შემდეგ, როცა „ალტინფოს“ წევრი, სახელი და გვარი არ მახსოვს, სიტყვით გამოვიდა და მოუწოდა კარვების აღება, მაგის მერე რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი.
ჩემი კოლეგები ლექსო ლაშქარავა და რომა ვიყავით კლინიკაში, რომა მივლიდა ყველაფერში მეხმარებოდა, როდესაც გამომიშვეს საავადმყოფოდან, რამდენიმე დღე ვიყავი სახლში და ისევ ცუდად გავხდი, შემაბრუნეს კლინიკაში. ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ფაქტობრივად, ტელევიზიაში ვარ გასული, მაგრამ პენსიაზე ვარ. ამ ინციდენტის შემდეგ სათვალე მიკეთია, სათვალის გარეშე ვერ ვხედავ. სამუშაო სპეციფიკაზე რაღა გითხრათ, მაგრამ ყველაფერი შემეცვალა ცხოვრებაში. სამსახურში პრაქტიკულად ფუნქცია დაკარგული მაქვს, დაკისრებულ მოვალეობას ვერ ვასრულებ, მაქსიმუმ „ლაივ ჩართვა“ გავაკეთო. ბატონო მოსამართლე, კიდევ ერთხელ გთხოვთ, ვინც ჩემზე იძალადა, უმკაცრესად იყოს დასჯილი, უამრავ აქციაზე მაქვს ნამუშევარი, მაგრამ მსგავსი არასდროს ყოფილა. თქვენ ვერასდროს წარმოიდგენთ, რა მდგომარეობაში ვარ ახლა“, – განაცხადა ილია თვალიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისს მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებული ძალადობისა და მათთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე 6 ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმის პროკურორის თქმით, დღეს 9 მოწმე დაიკითხება და დღევანდელი სხდომა მირანდა ბაღათურიაზე, ლექსო ლაშქარავასა და ილია თვალიაშვილზე ძალადობის ეპიზოდს ეხება.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე მომხდარ თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. საქმეს ჯამში 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები