ეროვნული გალერეა 18 თებერვლიდან როკო ირემაშვილის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა 18 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით მხატვარ როკო ირემაშვილის პერსონალურ გამოფენას „ბუფერული ინტერვალები” უმასპინძლებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეროვნულ გალერეაში გამოფენის სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის კურატორები არიან ნინო გუჯაბიძე და ანა ჟვანია. როკო ირემაშვილის საგამოფენო პროექტი „ბუფერული ინტერვალები” მულტიმედიური პროექტია, რომელიც მხატვრის საკუთრებაში არსებულ 25 ნამუშევარს მოიცავს. მისი შემოქმედების მთავარი ხელწერა სხვადასხვა მედიების გამოყენებით ინტეგრირებული ნამუშევრების შექმნაა, რაც ამა თუ იმ შინაარსის ორიგინალურად და მძაფრად გადმოცემის საშუალებას იძლევა.
პროექტ „ბუფერულ ინტერვალებში” ადამიანის თავისუფლებისკენ სწრაფვა და მუდმივი წინაღობების გადალახვის პროცესია ასახული, ასევე, ნამუშევრები „თავისუფლების” თემით მანიპულაციის საფრთხეების შესახებაც მოგვითხრობს. გამოფენა 18 თებერვალს 16:00 საათზე გაიხსნება, – აღნიშნულია ინფორმაციაში.