ნათია თურნავა: ეკონომიკურ ზრდას მე კი არ ვაცხადებ ან ჩვენი მთავრობის რომელიმე წევრი, ეს არის დამოუკიდებელი უტყუარი სტატისტიკა

“ეკონომიკურ ზრდას მე კი არ ვაცხადებ ან ჩვენი მთავრობის რომელიმე წევრი, ეს არის დამოუკიდებელი უტყუარი სტატისტიკა, ეს არის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და მათი შედარება”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ფასების ზრდა პანდემიამ არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში გამოიწვია.

„ჩვენ ყოველთვის ვაცხადებთ, რომ გამოწვევები რჩება. დღეს, როდესაც ვამბობთ, რომ გვაქვს ეკონომიკის ზრდა და გაჯანსაღება, ეს არის აღდგენა, იმიტომ, რომ 2020 წელი იყო ძალიან მძიმე წელი. ახლა ეს ზრდა ემსახურება იმ ნეგატივის განეიტრალებას, რაც პანდემიამ მოიტანა. რა თქმა უნდა, ეს არ არის ჩვეულებრივი ზრდა, ეს არის ზრდა, რომელიც წინა არსებულ ნეგატივს ანეიტრალებს და ამსუბუქებს, თუმცა ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ სიღარიბე აღმოიფხვრას. ასევე, ნომერ პირველი გამოწვევა არის ინფლაცია, ფასები. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ამაზე და მქონდა საშუალება, „მინისტრის საათის“ ფორმატში მესაუბრა, თუ რითია გამოწვეული და როგორ უზრუნველვყოთ მომავალი წლის ბოლომდე ინფლაცია თავის ნიშნულს დაუბრუნდეს, რაც იყო წინა წლების განმავლობაში. წინა პერიოდში მოსახლეობისთვის ფასების ზრდა არასოდეს იყო ნომერ პირველი პრობლემა, ბოლო ათ წელს თუ გადახედავთ, 3-4%-ზე მეტი ინფლაცია, ფასების ზრდის დონე არ გვქონია. პანდემიამ ფასების ზრდა გამოიწვია როგორც მსოფლიოში ასევე საქართველოშიც. მოკლევადიან პერიოდში ეროვნულმა ბანკმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები და დამატებითი ნაბიჯების გადადგმისთვის კიდევ არის მზად. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ლარის კურსი არის სტაბილური. ეკონომიკურ ზრდას მე კი არ ვაცხადებ ან ჩვენი მთავრობის რომელიმე წევრი, ეს არის დამოუკიდებელი უტყუარი სტატისტიკა, ეს არის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და მათი შედარება. ამას როდესაც ვამბობთ, ეს არ არის იმის მცდელობა, რომ არ ვისაუბროთ პრობლემებზე. გვაქვს ზრდა, მაგრამ გვაქვს პრობლემები“, – განაცხადა თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები