“ლარის გამყარება დეკემბერშიც გაგრძელდება” – გიორგი ცუცქირიძე
ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ლარის გამყარება დეკემბერშიც გაგრძელდება.
ამის შესახებ ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს.
“ნაციონალური მოძრაობა” და მასთან ალიანსში მყოფი ოპოფლანგი თვითმართველობის არჩევნების შემდეგ ლარის კურსის კატასტროფულ გაუფასურებას პროგნოზირებდა, თუმცა, ამ მორიგი აცდენილი პროგნოზის საპირისპიროდ, ლარი აგრძელებს გამყარებას. მარტო დეკემბრის დასაწყისიდან ლარი აშშ დოლართან მიმართებით 2.8 თეთრით გამყარდა და 3.10- იან ნიშნულამდე დაიწია.
აღსანიშნავია, რომ ლარი ინარჩუნებს სტაბილურობას მაშინ, როცა ნოემბრიდან მოყოლებული გრძელდება თურქული ლირას, ლამის 31 %-იანი გაუფასურების ტრენდი. თურქული ლირა ორშაბათს 7%-ით დაეცა და გაუფასურების რეკორდულ 15 ნიშნულს მიაღწია ერთ აშშ დოლართან მიმართებაში, რაც პრეზიდენტ თაიფ ერდოღანის ექსპორტის სტიმულირების ახალ, მეტად სარისკო ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირდება, რეფინანსირების განაკვეთის მორიგი შემცირების პროგნოზით, სარეკორდო 21 -პროცენტიანი ინფლაციის მიუხედავად. მართალია, ცენტრალური ბანკის ბაზარზე ბოლო ორ კვირაში უკვე მეოთხე ჩარევის და სადოლარო ინტერვენციის შემდეგ, უკან დაბრუნდა, თუმცა, წლის დასაწყისიდან ლირა, თითქმის ორჯერ არის გაუფასურებული.
ლარის ქცევის ბოლო პერიოდის დინამიკა აჩვენებს, რომ ლარი მყარდება როგორც გაუმჯობესებული ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების, ასევე, გარკვეულწილად, წისასაახალწლო ფაქტორის გამოც. გასულ წლებში ჩვენ გვახსოვს თურქული ლირას რყევების, საკმაოდ ნეგატიური ზეგავლენა ლარის კურსზე, რაც ნეგატიური მოლოდინების მკვებავი წყარო იყო და ბაზარზე აჟიოტაჟურ ხასიათსაც ატარებდა.
ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებიდან უნდა გამოიყოს იანვარ- ნოემბერში ზრდის მაღალი, ორნიშნა 10.5 %- იანი მაჩვენებელი და შემცირებული მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ამასთან, ადგილობრივი ექსპორტის სარეკორდო ზრდის ისედაც დადებით ტენდენციას დაემატა მესამე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინვესტიციების 3. 2 %- იანი ზრდა, ინვესტიციების ზრდაში რეინვესტირების მაღალი მაჩვენებელით, რაც გასული წლის დონეს ორჯერაც კი აღემატება. რეინვესტირებული თანხა იმას ნიშნავს, რომ ინვესტორებმა მოგება კი არ გაიტანეს, არამედ დატოვეს ქართულ ეკონომიკაში, რაც პოზიტიურ მოლოდინებსა და ქვეყნის მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე მიუთითებს”, – წერს ცუცქირიძე.
მისივე თქმით, ლარის გამყარებაზე ფისკალური მდგრადობაც მხოლოდ პოზიტიურად აისახა.
“ბიუჯეტის დეფიციტის ორჯერ შემცირებასთან ერთად, დაგეგმილთან შედარებით, 1 300 მილიონი ლარით გაზრდილი ბიუჯეტი.
მიმაჩნია, რომ ლარის გამყარებაზე აშკარად დადებითად იმოქმედა სექტემბრიდან მოყოლებული, სებ- ის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ და ასევე გასული წლის ბოლოს უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე დარეზერვების განაკვეთის შემცირებამაც, რამაც ბაზარზე 700 მლნ დოლარამდე მასის გამოსვლას შეუწყო ხელი.
სხვა ფაქტორებიდან პირველ რიგში უნდა გამოიყოს წინასაახალწლო მომენტიც. ლარის გამყარებაზე ტრადიციულად პოზიტიურად აისახა დეკემბრის ეფექტიც. როდესაც იურიდიული პირები და პირველ რიგში იმპორტიორები უკვე ნოემბრის ბოლოს რიცხავენ უცხოურ ვალუტას დეკემბერში წინასაახალწლოდ საქონლის შემოსატანად, ანუ ძირითადი მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე, მათ შორის საგარეო ვალების მომსახურების ნაწილიც ნოემბერზე მოდის.
თუ გავითვალისწინებთ, რომ დეკემბერში, ისედაც იზრდება უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა, ხოლო მათ ვისაც დანაზოგები აქვს უცხოურ ვალუტაში იწყებენ ლარის შესყიდვას საახალწლო პროდუქციის შესაძენად, ლარის გამყარება დეკემბერშიც გაგრძელდება.
ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ფონზე, სარეკორდოდ გაზრდილი ადგილობრივი ექსპორტი, რომელიც წლის ბოლოს, აშშ დოლარში 3 მილიარდიან ზღვარსაც გადალახავს, რაც ახალი ისტორიული მაქსიმუმია, ლარის გამყარება და ინვესტიციების ზრდა აჩვენებს, რომ მიუხედავად ე.წ კრიტიკული მედიის მხრიდან სააკაშვილის თემის დღის წესრიგად ქცევის მცდელობისა და 21 დეკემბერს, ოპოზიციის მხრიდან კვლავ დაანონსებული საპროტესტო აქციებისა, ქვეყანაში არანაირი არც პოლიტიკური და მით უმეტეს ეკონომიკური კრიზისი არ არის, რაც ყველაზე კარგად ბიზნესის პოზიტიურ მოლოდინებშია ასახული”, – წერს ცუცქირიძე.