რევაზ სოხაძე საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა

ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს გავაცანით ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიმდინარე ცვლილებები და ჩვენს მიერ დაგეგმილი პროექტები. გვქონდა საუბარი იმ საჭიროებებზე და გამოწვევებზე, რაც ბიზნესს გააჩნია. ჩვენ მზად ვართ აქტიურად ვითანამშრომლოთ ასოციაციასთან, თითოეულ ბიზნესმენთან გამომდინარე მათი პრობლემებიდან და ასევე, იმ შესაძლებლობებიდან, რომელსაც მათთვის აჩენს ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაგეგმილი პროექტებით. ვფიქრობ, ნაყოფიერი იქნება ეს თანამშრომლობა თითოეული ჩვენგანისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნისთვის, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას, მინისტრთან ერთად, ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელები.

რევაზ სოხაძემ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხედვასა და პოლიტიკაზე. აღინიშნა, რომ სამინისტრო ბიზნესთან პარტნიორობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია როგორც პროექტების ეფექტიანი შესრულებისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტიმულირებისთვის.

„დღეს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 4 მილიარდამდე ლარი იხარჯება. ამიტომ, სამშენებლო სექტორის სიჯანსაღე და სიძლიერე სამინისტროსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია. სამინისტროს ამოცანაა კერძო სექტორთან ჰქონდეს საქმიანი და სამართლიანი დამოკიდებულება. მნიშვნელოვანია პროექტების დროული და ხარისხიანი შესრულება და ჩვენი მიდგომა იქნება სამართლიანი და შედეგზე ორიენტირებული. სახელმწიფოს ინტერესებს დავიცავთ ისე, როგორც თქვენ დაიცავდით თქვენი კომპანიის ინტერესებს,”- აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

მინისტრმა და სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელებმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს გააცნეს სამინისტროს სისტემაში განხორციელებული სიახლეები, მიმდინარე პროცესები და სტრატეგიული გეგმები, მათ შორის, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება.

ბიზნესასოციაციის წევრებმა სამინისტროს გუნდს გაუზიარეს კერძო სექტორში არსებული გამოწვევები და ის საკითხები, რომლებიც ურთიერთთანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები