ვიტალი შენდეროვიჩი: რუსეთის ტაქტიკა არავის უკვირს არც რუსეთში, არც მსოფლიოში, თუმცა, რუსეთში მაინც სვამენ კითხვას – რისთვის ემზადება პუტინი?
“საქართველოში თუნდაც ბოლოდროინდელი მოვლენები ბევრად დემოკრატიულია, ვიდრე დიდ რუსეთში. ქართველ სამოქალაქო საზოგადოებას კარგი წინსვლა აქვს დემოკრატიული კუთხით. ამიტომაც ამბობს ევროკავშირის წარმომადგენლობა, რომ ქართველი მოსახლეობა უკეთესს იმსახურებს”, – ამის შესახებ რუსი ბლოგერი, ვიტალი შენდეროვიჩი, რომელიც აქტიურად ადევნებს თვალს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესებსა და მათთან დაკავშირებულ რუსეთის პოლიტიკას, გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, ქართველი ხალხი მიაღწევს მიზანს იმ ერთადერთ შემთხვევაში, თუ არ დაბრუნდება უკან, რუსეთისკენ, რომელსაც ყველაზე ახლო მოკავშირეც კი აღარ ენდობა.
“უკრაინა რუსეთისგან თავდასხმას ელოდება, რუსეთი პასუხობს, რომ თავის ტერიტორიაზე წვრთნებს ატარებს და ამას არავის ჰკითხავს, თუმცა როდესაც კრემლი პროვოკაციას გეგმავს, ყოველთვის მასშტაბურ წვრთნებს ატარებს. ცხადია, რუსეთის ტაქტიკა არავის უკვირს, არც რუსეთში, არც უკრაინასა და არც მსოფლიოში… თუმცა რუსეთში მაინც სვამენ კითხვას: რისთვის ემზადება პუტინი? სჭირდება კიდევ ერთი ომი უკრაინასთან თუ მხოლოდ კუნთებს ათამაშებს ევროპასა და ამერიკასთან მანიპულირებისთვის. ამ დროისთვის რუსეთს უკრაინის საზღვართან 90 000 ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული და ძნელია უკრაინა მშვიდად იყოს, მიუხედავად იმისა, რომ მზად არის რუსეთის მოსაგერიებლად. თითქმის სამი ათეული წელია საქართველო რუსეთთან ჰიბრიდულ ომშია ჩართული, ისევე როგორც პოლონეთი, ბელარუსი, ოღონდ განსხვავებული კონტექსტებით… კრემლისთვის მთავარია, სხვა ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და ამის ხარჯზე თავად იყოს მშვიდად. მერე რა, რომ რუსეთში ეკონომიკური კრიზისია, პანდემია, ფაქტობრივად, უმართავია, მთავარია, საზღვრები გაიფართოოს, ეს კი მსხვერპლს მოითხოვს. ახლა რუსეთის მორიგ თავდასხმაზე საუბრობენ და რატომღაც არ ახსენდებათ, რომ ომი ამ სახელმწიფოებს შორის 2014 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება, ყოველდღე იხოცებიან ადამიანები, ინგრევა სახლები.
უბრალოდ, რუსეთი შეტევის ახალ ეტაპზე აპირებს გადასვლას, თუმცა ეს უკრაინაზე მეტად რუსეთს დააზარალებს – თუ სტრატეგიული პარტნიორების საგარეო შეტევების კვალდაკვალ უკრაინის არმია ეფექტურ პასუხს გასცემს, შესაძლოა ეს პუტინის ელექტორატზე აისახოს – დაღუპულთა კუბოები ძალიან დიდი დარტყმა იქნება პუტინის რეჟიმისთვის, ვინაიდან ხელისუფლების მთავარი საყრდენი არმია და შეიარაღებაა. პუტინის ამომრჩეველს კი წლებია ესმის, ჩვენი შეიარაღებული ძალები მსოფლიოში უძლეველია და ყველა სამხედრო ოპერაციას წარმატებით ამთავრებსო. თუმცა, თუ თეორიულად მაინც დავუშვებთ, რომ რუსეთის არმია სამხედრო ოპერაციას წარმატებით ჩაატარებს და კიდევ ტერიტორიებს მიიტაცებს, ეს ნიშნავს, რომ პუტინი კიდევ ერთ კრიმინალურ ანკლავს შექმნის და უკრაინის ტერიტორიაზე კიდევ ერთ საყრდენს მოიპოვებს. ჰიბრიდული ომი ვახსენეთ – არ დაგვავიწყდეს, რომ ზოგან მეტად, ზოგან ნაკლებად, მაგრამ ბევრისთვის რუსეთი ჯერ კიდევ ასოცირდება საბჭოთა კავშირთან, როდესაც, მათი აღქმით, ამდენი სოციალური პრობლემა არ ჰქონდათ და შესაბამისად, საყრდენიც ჰყავთ როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში. ამიტომ ღია სამხედრო აგრესიის კვალდაკვალ კრემლი ცდილობს უკრაინელი საზოგადოების გაღიზიანებას და ქვეყნის არევას, კიდევ ერთი “მაიდნის” გამართვას. ეს ხომ რუსეთის საუკეთესო ტრადიციების ჩამონათვალშია.
კარგი იქნებოდა, საერთაშორისო საზოგადოებრიობას რადიკალური განცხადებები მანამდე გაეკეთებინა, მაგალითად, სანქციების ახალ პაკეტზე აქცენტით, მომხდარიყო დასავლეთის კონსოლიდაცია რუსეთის წინააღმდეგ ყველა იმ საერთაშორისო პროექტზე, რომლებიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მათ შორის Nord Stream 2-ზე. ეს აუცილებლად დაარტყამს რუსეთის ეკონომიკას. კრემლს მშვიდობა არ სჭირდება. ეს მის ნებისმიერ ნაბიჯში ჩანს. ბელარუსს სწორედ კრემლის მხარდაჭერით მართავს უზურპატორი, კრიმინალი. ეს სწორედ კრემლის გამარჯვებაა. თუმცა მათ მეტი სურდათ, მაგალითად, მიგრანტები ბელარუსიდან ევროკავშირის კიდევ ორ ქვეყანაში, ლიეტუვასა და ლატვიაში გადასულიყვნენ. ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი პუტინის ახლო მოკავშირეა, ხელოვნურად ქმნის კრიზისს და დირექტივებს მოსკოვში იღებს. მათი ერთობლივი გეგმაა ევროკავშირის დესტაბილიზაცია. ეს არის ახალი ტიპის ომი, სადაც ადამიანებს ცოცხალ ფარად იყენებენ და სულ არ აინტერესებთ ვიღაცის პოლიტიკური ინტერესები. ესეც ერთგვარი ომია, გნებავთ, ჰიბრიდული დავარქვათ, გნებავთ, ჩვეულებრივი. წარმოიდგინეთ, ევროკავშირის ქვეყნებს მიაწყდნენ ლტოლვილები, რომელთაც სრულიად განსხვავებული ცხოვრების წესი, შეხედულებები და მრწამსი აქვთ. მათ ევროპის ქვეყნებში სურთ ცხოვრება და არა ბელარუსში.
ვფიქრობ, ამ ყველაფერს ხედავს ქართველი საზოგადოება და იმედია, საფრთხესაც აღიქვამს. მესმის ქართველი ამომრჩევლის იმედგაცრუება როგორც ახლანდელი, ისე წინა ხელისუფლებით. ეს ნორმალურია – ხალხი უკეთესი მომავლისთვის იბრძვის. მაგრამ საქართველოში თუნდაც ბოლოდროინდელი მოვლენები ბევრად დემოკრატიულია, ვიდრე დიდ რუსეთში. ქართველ სამოქალაქო საზოგადოებას კარგი წინსვლა აქვს დემოკრატიული კუთხით. ამიტომაც ამბობს ევროკავშირის წარმომადგენლობა, რომ ქართველი მოსახლეობა უკეთესს იმსახურებს. ვფიქრობ, ქართველი ხალხი მიაღწევს მიზანს იმ ერთადერთ შემთხვევაში, თუ არ დაბრუნდება უკან, რუსეთისკენ, რომელსაც ყველაზე ახლო მოკავშირეც კი აღარ ენდობა. მთიანი ყარაბაღის ომის დროს მან სომხეთის ინტერესებზე წინ თავისი დააყენა, რათა რეგიონში უფრო გაეზარდა თავისი გავლენა. ეს ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის მაგალითი უნდა გამხდარიყო”,- აცხადებს შენდეროვიჩი.