როგორია ბათუმში, ნანგრევებში მოყოლილი ზვიად თავდგირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა – ექიმის კომენტარი

“პაციენტი არის გონზე, კონტაქტურია, ასრულებს ყველა დავალებას. დღეს გაუჩნდა სურვილები საკვებთან დაკავშირებით, უკეთეს ხასიათზეა”, – ასე აფასებს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი და კლინიკა “მედცენტრის” დირექტორი,,მედეა ქაჯაია ბათუმში, ნანგრევებში მოყოლილი 37 წლის ზვიად თავდგირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

“პაციენტი არის გონზე, კონტაქტურია, ასრულებს ყველა დავალებას. დღეს გაუჩნდა სურვილები საკვებთან დაკავშირებით, უკეთეს ხასიათზეა. დღეისთვის ანალიზებშიც გვაქვს სიმშვიდე”, – აცხადებს ექიმი.

მისივე განმარტებით, ზვიად თავდგირიძის სასიცოცხლო ფუნქციები სტაბილურია. მედიკოსის თქმით, პაციენტს სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისთანავე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, მათ შორის, მარცხენა ქვემო კიდურის მოტეხილობა, მარჯვენა ზედა კიდურის რბილი ქსოვილების შეშუპება და ჰემატომები.

ექიმის თქმით, პაციენტთან სისტემატურად მუშაობენ ქირურგები და ნევროლოგები. მისი განმარტებით, ზვიად თავდგირიძე სრულად რეაბილიტირებისათვის ხანგრძლივ მკურნალობას და რეაბილიტაციას საჭიროებს.

“დღეისთვის რჩება ორი პრობლემა – ცვლილებები ქვედა და ზემო კიდურში. ამ ეტაპზე, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – განაცხადა მედიკოსმა “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.

ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები