საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება.
მთავრობის მეთაურის ვიზიტი ბაქოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტი ალიევი საქართველოს მთავრობის მეთაურს, დელეგაციის წევრებთან ერთად, სამუშაო სადილზე უმასპინძლებს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერმინისტრების თავმჯდომარეობით, ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ, თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდება.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.