ზურაბ ჯაფარიძე: გვჯერა, რომ 2 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მმართველობა ამ ქვეყანაში დასრულდება

“ჩვენ გვჯერა, რომ 2 ოქტომბერს, ფაქტობრივად, დასრულდება „ქართული ოცნების“ მმართველობა ამ ქვეყანაში და ძალაუფლებას გადმოვიბარებთ ჩვენ, ოპოზიციური პარტიები”, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან – ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, ქვეყანაში მომავალ წელს ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები.

„ჩვენ გვჯერა, რომ 2 ოქტომბერს, ფაქტობრივად, დასრულდება „ქართული ოცნების“ მმართველობა ამ ქვეყანაში და ძალაუფლებას გადმოვიბარებთ ჩვენ, აქ მსხდომი ხალხი, ისევე, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები. ქვეყანაში მომავალ წელს ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები. ამ ქვეყანას ეყოლება, პირველად დამოუკიდებლობის ისტორიაში, კოალიციური მთავრობა, რომლის ნაწილიც ვიქნებით ჩვენ და ასევე სხვა ოპოზიციური პარტიები. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა გვინდა. ჩვენ გვინდა კოალიციური მთავრობა, ნამდვილი სასამართლო და, საბოლოოდ, გვინდა მდიდარი და ნატო-ს წევრი უსაფრთხო ქვეყანა. ეს არის ის, რაზეც პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური პარტია არის შეთანხმებული და ამ საკითხებში საკამათო არაფერია. არის უამრავი წვრილმანი დეტალი, რომელზეც მომავალში მოხდება შეთანხმება, მაგრამ პრინციპულად გეზი, საით უნდა წავიდეს ქვეყანა, ჩვენ შეთანხმებული გვაქვს. ჩვენში არ ვგულისხმობ მარტო აქ მსხდომ სამ პარტიას, არამედ – სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც. ერთადერთი, რაც დარჩა, არის 2 ოქტომბერს ამ ქვეყნის მოქალაქეების მისვლა საარჩევნო ურნებთან და ამ შედეგის გაფორმება. ერთადერთი, ვისაც ეს არ აწყობს, ვისაც არ უნდა ძალაუფლების დათმობა და ვინც ამას ეწინააღმდეგება ფულით, ძალადობით, შანტაჟით და სუს-ის გამოყენებით, ეს არის „ქართული ოცნება“, მაგრამ არ გამოუვათ და ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ ეს ასე მოხდება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები