გიორგი ვაშაძე: მარინა კალიურანდის განცხადება მიმართულია როგორც სააკაშვილისთვის, ისე – “ქართული ოცნებისთვის”, რომელმაც ასევე უნდა აღიაროს მშვიდობიანად ხალხის ნება
”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე, პოლიტიკური პლატფორმა ”მესამე ძალის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მან მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა – “გამოიყენოს საკუთარი ძალა და პოლიტიკური კაპიტალი იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია შემსუბუქდეს და რომ არ დაუშვას არანაირი პროვოკაცია”.
ვაშაძე ფიქრობს, რომ კალიურანდის განცხადება ეხება ექსპრეზიდენტსაც და “ქართული ოცნებასაც”, რომელმაც ასევე მშვიდობიანად უნდა აღიაროს ხალხის ნება.
“მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ, პირველ ყოვლისა, “ქართულმა ოცნებამ” პასუხისმგებლობა იგრძნოს ხალხის, ქვეყნისა და სახელწიფოს წინაშე. შედეგს განსაზღვრას ხალხი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შედეგზე 2 ოქტომბერს ხელისუფლების ცვლილების პროცესი დაიწყება. ეს განცხადება მიმართულია როგორც მიხეილ სააკაშვილისთვის, ისე – “ქართული ოცნებისთვის”, რომელმაც ასევე უნდა აღიაროს მშვიდობიანად ხალხის ნება”, – ამბობს გიორგი ვაშაძე.