კახა კალაძე : მჯერა, ზურაბ ჩიკვილაძე გაიმარჯვებს ჩუღურეთის რაიონში, რადგან ის წლების განმავლობაში იყო ამ რაიონის გამგებელი და უამრავი კარგი საქმე აქვს გაკეთებული

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობასთან გამართული ონლაინ შეხვედრის დროს ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატზეც ისაუბრა და მოსახლეობას ზურაბ ჩიკვილაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

კახა კალაძის თქმით, ზურაბ ჩიკვილაძე ჩუღურეთის რაიონში უკონკურენტოა მისი, როგორც გამგებლის გამოცდილებიდან და საქმიანობიდან გამომდინარე.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ზურა ძალიან დიდი ანგარიშით გაიმარჯვებს ჩუღურეთში, რადგან წლების განმავლობაში ამ რაიონის გამგებელი იყო და უამრავი სასიკეთო საქმე აქვს ნაკეთები. მას თითოეულ ჩუღურეთში მცხოვრებ ადამიანთან აქვს მჭიდრო კომუნიკაცია და თქვენი მხარდაჭერით მნიშვნელოვანია, თბილისის საკრებულოში მისნაირი ადმაიანები გვყავდეს იმისთვის, რომ შევძლოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, რაც მთავარია, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენი სიძლიერე არის ის, რომ რასაც ვამბობთ, ვაკეთებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ ჩიკვილაძემ რაიონში არსებულ მწვავე პრობლემებს შორის ავარიული სახლები დაასახელა და მის გადასაჭრელად, სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად, აქტიური მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა.

„ჩემთვის ჩუღურეთის მოსახლეობა ძალიან ძვირფასია. თუ მატერიალურ სიმდიდრეზე ვსაუბრობთ, ეს არის ჩუღურეთში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. 4000-მდე ძველი თბილისური ეზოა და აქედან 600-მდე არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ და ჩვენს მომავალ თაობას შემოვუნახოთ. საზრუნავს რაც შეეხება, რაზე ვიზრუნებ კონკრეტულად? საზრუნავი იქნება ის სახლები, რომელსაც სტატუსი არ აქვს, მაგრამ სიძველის გამო განახლებას საჭიროებს. ეს კი ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის მეშვეობით იქნება შესაძლებელი, რომელიც ერთ-ერთი საარჩევნო დაპირებაა. ეს იქნება იმის პირობა, რომ ახალი სიცოცხლე შეემატოს ჩვენს ძველ სახლებს“, – განანცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები