მიტროპოლიტმა შიომ ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მიიღო
ამა წლის 23 მარტს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია, სოფიის მიტროპოლიტისა და სრულიად ბულგარეთის პატრიარქის, უწმინდეს დანიელის მეთაურობით. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, დელეგაციაში შედიოდნენ ლოვეჩის მიტროპოლიტი გაბრიელი, დეკანოზი ვენტისლავ პავლოვი, ალექსანდრე სმოტჩევსკი და დიმიტარ გორანოვი.
„შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და სხვა პირები.
სტუმრებმა მიტროპოლიტ შიოს, წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.
შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა, რომლის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა შიომ სტუმრებს საჩუქრად ხატები და ჯვრები გადასცა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.