ტრამპი: ჩვენ ეს ომი მოვიგეთ – ირანი სამხედრო თვალსაზრისით განადგურებულია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ირანთან არსებულ დაპირისპირებაში გამარჯვება გამოაცხადა.
„ჩვენ ეს ომი მოვიგეთ. ეს ომი მოგებულია“, – აღნიშნა ტრამპმა თეთრ სახლში შეკრებილ რეპორტიორებთან საუბრისას.
პრეზიდენტმა „ყალბი ამბების“ (Fake News) გამავრცელებელი მედია გააკრიტიკა, მათ შორის The New York Times, NBC News და ABC News.
მისი თქმით, მედია რეალობას ამახინჯებს და ისე წარმოაჩენს ვითარებას, თითქოს აშშ არ იგებს ომს.
„თუ კითხულობთ New York Times-ს, თითქოს ჩვენ არ ვიგებთ ომს მაშინ, როდესაც მათ [ირანს] არ ჰყავთ საზღვაო ფლოტი და საჰაერო ძალები და არაფერი აქვთ. ჩვენ კი ფაქტიურად გვაქვს თვითმფრინავები, რომლებიც თეირანსა და მათი ქვეყნის სხვა ნაწილებზე დაფრინავენ. მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ“, – განაცხადა ტრამპმა.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თუ მას რაიმე კონკრეტული ობიექტის, მაგალითად, „მძლავრი ელექტროსადგურის“ განადგურება მოუნდება, ირანს ამის შეჩერების არანაირი რესურსი არ გააჩნია.