მედია: დიდი ბრიტანეთი ჰორმუზის სრუტის განბლოკვასთან დაკავშირებით სამიტს გამართავს
დიდი ბრიტანეთი ჰორმუზის სრუტის განბლოკვით დაინტერესებული ქვეყნების შეხვედრის ორგანიზებას გეგმავს. ამის შესახებ Politico ბრიტანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.
უსაფრთხოების სამიტი, სავარაუდოდ, ლონდონში ან პორტსმუთში გაიმართება, ინგლისის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქში, სადაც სამეფო საზღვაო ძალები არიან ბაზირებულნი.
მანამდე, 30-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და ნიდერლანდებმა, ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომლითაც შეთანხმდნენ, რომ მიიღებენ „შესაბამის ზომებს“ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების დასაცავად. ამ მარშრუტით გავლა საფრთხის ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც შეერთებულ შტატებს, ისრაელსა და ირანს შორის ომი დაიწყო.
ბრიტანელმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურობის პირობა დადო, განაცხადა, რომ ლონდონს სურს ხელი შეუწყოს საერთაშორისო კოალიციის შექმნას, რათა ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გასასვლელი გაიხსნას.