საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებული გლობალური სამიტის „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ სამუშაო სესიაზე სიტყვით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, თამარ ბაგრატიონმა აშშ-ის პირველ ლედის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მელანია ტრამპმა შეძლო დედობრივი ინსტინქტი გლობალურ მოძრაობად ექცია.
„პირველ რიგში, მსურს გულითადი მადლიერება გამოვხატო ჩვენი მასპინძლის, ქალბატონ მელანია ტრამპის მიმართ. ისტორია დაგიმახსოვრებთ, რომ სწორედ თქვენ შემოიკრიბეთ 45 ქვეყნის წარმომადგენელი ერთ მაგიდასთან და დედობრივი ინსტინქტი გლობალურ მოძრაობად აქციეთ.
მე წარმოვადგენ ერს, რომლის ისტორია სამ ათასწლეულზე მეტს ითვლის. საქართველოს საუკუნეების წინათ მართავდა თამარ მეფე – პირველი ქალი მონარქი, რომელიც მეფედ იწოდებოდა. მას მტკიცედ სწამდა, რომ მმართველის სიდიადე იმით იზომება, თუ როგორ იცავს იგი მათ, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს მფარველობას. ჩემთვის, როგორც პირველი ლედისთვის, მისი სახელის ტარება და ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მემკვიდრეობის წარმომადგენლობა ერთდროულად უდიდესი პრივილეგია და პასუხისმგებლობაა.
დღეს ჩვენ ერთი საერთო პასუხისმგებლობა გვაერთიანებს – ჩვენი შვილების კეთილდღეობა და მათი მომავალი. როგორც პირველი ლედი, მე მთელი გულით ვემსახურები ამ მისიას და უპირველეს ყოვლისა, მოგმართავთ როგორც ოთხი შვილის დედა, ადამიანი, რომელსაც კარგად ესმის და განიცდის ბავშვის კეთილდღეობაზე ზრუნვის უწყვეტ პასუხისმგებლობას.
ყველა მშობლისთვის ნაცნობია ის ჩუმი დაძაბულობა, რომელსაც გულით ვატარებთ: სურვილი, დავიცვათ ჩვენი შვილები საფრთხისგან. ამავდროულად, მივცეთ მათ თავისუფლება – გაიზარდონ, შეიმეცნონ და ისარგებლონ სწრაფად განვითარებადი ეპოქის შესაძლებლობებით. ამ ბალანსის პოვნა მარტივი არ არის, ეს ყოველდღიური გამოწვევაა. ჩუმი, უხილავი, თუმცა ძალზე რეალური საზრუნავი, რომელსაც იზიარებს ყველა ოჯახი მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.
როგორც პირველმა ლედიმ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მიღებული უნდა იყოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ბავშვებს საშუალებას მისცემს, არა მხოლოდ განვითარდნენ და შექმნან ინოვაციები, არამედ დარჩნენ ღია, ცნობისმოყვარენი და ახლო კავშირში გარე სამყაროსთან.
„ჩვენ არ შეგვიძლია არჩევანი გავაკეთოთ მათ უსაფრთხოებასა და განვითარებას შორის. ჩვენი ვალია, ორივე მათგანი უზრუნველვყოთ. სწორედ ამიტომ აქვს უდიდესი მნიშვნელობა გონივრულ გადაწყვეტილებებს, ისეთ მიდგომებს, რომლებიც ჩვენს შვილებს საშუალებას მისცემს, არა მხოლოდ განვითარდნენ და შექმნან ინოვაციები, არამედ დარჩნენ ღია, ცნობისმოყვარენი და ახლო კავშირში გარე სამყაროსთან, ჰქონდეთ თამაშისა და სოციალიზაციის თავისუფლება, რათა მომავალში თავდაჯერებულებმა შეაბიჯონ.
საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ყოვლისმომცველი ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე. ჩვენი ეროვნული მიდგომა „შუა გზის“ პრინციპს ეფუძნება. ეს არის ჩარჩო, რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიური ინოვაციების დაბალანსებას ადამიანის ღირსების, ფუნდამენტური უფლებებისა და, უპირველეს ყოვლისა, ბავშვთა უსაფრთხოების დაცვასთან“, – განაცხადა საქართველოს პირველმა ლედიმ.
თამარ ბაგრატიონთან ერთად აშშ-ში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი იმყოფებიან.
საქართველოს პირველმა ლედიმ ღონისძიების ფარგლებში სხვა ქვეყნების პირველ ქალბატონებთან მოკლე შეხვედრები გამართა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოფენა დაათვალიერა.