ზურაბ ჩიკვილაძე: ზემო ჩუღურეთში ყველა ქუჩა მოვაწესრიგეთ და გავანათეთ

„დღეს ვერავინ იტყვის, რომ ჩუღურეთში რომელიმე ქუჩა მოუწესრიგებელი და გაუნათებელია“, – ამის შესახებ ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზურაბ ჩიკვილაძემ, თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძესთან ერთად, სოციალური ქსელში ვიდეო ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, ჩუღურეთში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქუჩის ეკატერინე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

„ზემო ჩუღურეთში, კერძოდ სვანეთის უბანში, ეკატერინე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არსებული ქვაფენილი იქნება შენარჩუნებული. პროექტი მიმდინარე წელს დასრულდება. ეს არის გამორჩეული ქუჩა, რადგან იყო ქვაფენილი და ამ ინტერიერს ვინარჩუნებთ“, – აღნიშნა ზურაბ ჩიკვილაძემ.

მისივე თქმით, ზემო ჩუღურეთი ყველა წინა ხელისუფლების დროს მიტოვებული იყო. ახლა კი, გამგეობის ბიუჯეტის 2/3 სწორედ ზემო ჩუღურეთის განვითარებაზე იხარჯება

„ზემო ჩუღურეთი გამოირჩევა იმით, რომ ყველა წინა ხელისუფლების, მათ შორის, კომუნისტების დროსაც, იყო საშინელ მდგომარეობაში. ქუჩებში არ იყო განათება, არანაირი ინფრასტრუქტურა, არც სკვერი, არც სტადიონი. სულ ისმოდა კითხვა, თუ რატომ იყო ასე მიტოვებული ზემო ჩუღურეთი. მიზეზი ის არის, რომ არცერთ ხელისუფლებას არ აინტერესებდა. ჩვენ ეს მანკიერება შევცვალეთ. აქაც ისეთივე საზოგადოება ცხოვრობს, როგორც თუნდაც მარჯვენა სანაპიროზე. ბავშვი, რომელიც ზემო ჩუღურეთში იზრდება, ისეთივე ლამაზ გარემოს იმსახურებს, როგორც ქვემო ჩუღურეთში მცხოვრები ბავშვი. არ მიწყინოს სხვა უბნებმა, მაგრამ ჩვენი გამგეობის ბიუჯეტის 2/3 იხარჯება ზემო ჩუღურეთის განვითარებაზე. დღეს ვერავინ იტყვის, რომ იქ რომელიმე ქუჩა მოუწესრიგებელი და გაუნათებელია. სადაც კი რამე ადგილს ვნახავთ, სკვერს და სტადიონს ვაწყობთ“, – განაცხადა ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები