კახა კალაძე: ყველა სიკეთე, რაც ეხება თბილისს, თანაბრად ეხება საქართველოს ყველა კუთხის შვილს
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ამჯერად, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზურაბ აბაშიძესთან ერთად, ამავე რაიონის მოსახლეობის შეკითხვებს პასუხობს.
როგორც დედაქალაქის მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან ონლაინ შეხვედრაზე აღნიშნა, მთაწმინდის რაიონში განხორციელებულ პროექტებზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებენ.
„მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი დღევანდელ თარიღს, რადგან იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხია, არაფერი არსებობს. 28 წელი გვაშორებს სოხუმის დაცემის დღეს. ეს არის ტკივილის და მონატრების 28 წელი. რა თქმა უნდა, დრო ვერ კურნავს ამ ტკივილს, მაგრამ გვაძლევს იმედს, რომ დღეს გადადგმული ჩვენი ნაბიჯებით, იმ ძალისხმევით, რასაც სახელმწიფო სამშვიდობო ფორმატში ეწევა, ხვალ ჩვენი შვილები შეძლებენ და გამონახავენ საერთო ენას თავიანთ აფხაზ და ოს მეგობრებთან, რათა წერტილი დავუსვათ გაუცხოებას, გახლეჩას და დაპირისპირებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ 2 ოქტომბერს ამომრჩევლები მხარს ქალაქის განვითარებას და უკეთეს მომავალს დაუჭერენ.
„მე, როგორც თბილისის მოქმედ მერს და მერობის კანდიდატს, მჯერა, რომ აქ, საქართველოს დედაქალაქში განხორციელებული ყველა წარმატებული პროექტი ასევე, გვაახლოებს ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან. ყველა სიკეთე, რაც ეხება თბილისს, თანაბრად ეხება საქართველოს ყველა კუთხის შვილს. ამდენად, მე და ჩემი გუნდი კარგად ვაცნობიერებთ, რას ნიშნავს იყო პასუხისმგებელი თბილისზე – ეს არის უდიდესი პატივი და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა.
„გპირდებით, თქვენს ნდობას და მხარდაჭერას ღირსეულად ვუპასუხებთ. არ გვეშინია გამოწვევების და ზუსტად ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ პრობლემებს. დარწმუნებული ვართ, თქვენც ასევე, მზად ხართ, დაუჭიროთ მხარი ჩვენი ქალაქის განვითარებას და უკეთეს ხვალინდელ დღეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.